LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნას მაისის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს

თბილისის მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში არის მეწყრული ზონები.

დაახლოებით ცხრა კერა იყო, თუმცა ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება.“ – განაცხადა კახა კალაძემ.