LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე სამადაშვილის რიტორიკისგან არ განსხვავდება პრეზიდენტის განცხადებები, მხოლოდ ხმის ტემბრი შეიძლება იყოს განსხვავებული“ – სარჯველაძე ზურაბიშვილზე

„ჩემდა სამწუხაროდ ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს, რომ პრეზიდენტი ნებით თუ უნებლიეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაშია ჩართული“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „დღის თემა“ პრეზიდენტის რიტორიკა ოპოზიციონერი დეპუტატების რიტორიკას შეადარა და თქვა, რომ ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან.

„მე დღეს ვთქვი, რომ რომელიმე ოპოზიციონერის, მაგალითად სალომე სამადაშვილის რიტორიკისგან არ განსხვავდება პრეზიდენტის განცხადებები, მხოლოდ ხმის ტემბრი შეიძლება იყოს განსხვავებული და ტონალობა. ეს რეალობაა. ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან.

როდესაც პრეზიდენტი ალაპარაკდა, მათ შორის იმაზე, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს ღიად თქმაა იმისა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს. დიახ ქვეყანა იმსახურებს სტატუსს თავის ხელისუფლებიან, ოპოზიციან, ხალხიანად. ამას ვერ ბედავ იმიტომ რომ გინდა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე თვის წინანდელი დღეც გაიხსენა, როდესაც არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰკითხა, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.

„ოპოზიციას თვალებში ვუყურებდით, მათ პასუხი ხელის აწევით უნდა დაედასტურებინათ და ეს ვერცერთმა ვერ გაბედა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს.

„რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს, პირდაპირ აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. ამ აგიტაციას, თქვენ ნახეთ, შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს.

ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის, კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს.

მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია”, – განაცხადა კობახიძემ.