ქართული მარწყვი დუბაიში ქსელურ მარკეტებში გაიყიდება. კომპანია „აგროსფეისი“ 30 ტონა პროდუქტს უახლოეს მომავალში გაგზავნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნუცა სალუქვაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა შუამავალი კომპანიის დახმარებით მოახერხეს.
„30 ტონა ჩვენი მარწყვი წავა დუბაიში. იყო მოლაპარაკებები აქტიურ ეტაპზე და ველოდებით საბოლოო დასტურს, რომ გავუშვათ მოსავალი. შუამავალი კომპანია გვყავს, რომელსაც ჩვენი სათბურიდან მიაქვს მარწყვი და შემდეგ ყველაფერს თავად უზრუნველყოფენ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ჩვენი მარწყვი წასულიყო ექსპორტზე, საიმედოობის გამო. გარანტირებულად იცი, რომ კონკრეტული მოსავალი არის რეალიზებული და არ გაქვს პრობლემა, რომ მარწყვი დაგრჩება. ქართულ ბაზარზე ის პრობლემაა, რომ ქართული მარწყვის ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე იმპორტირებულის, რის გამოც ქართულ წარმოებას უწევს ფიქრი სხვა ბაზრების მოძიებაზე“, – ამბობს ნუცა სალუქვაძე.
„აგროსფეისის“ წარმომადგენლის თქმით, კომპანია წელს ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნებას მოახერხებს.
„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ ფასი არ შეგვიცვლია, რაც შარშან გვქონდა, იგივე დავტოვეთ, იმის მიუხედავად, რომ ხარჯები საკმაოდ გაიზარდა. მთელი სეზონი ვეცდებით, რომ ფასები შევინარჩუნოთ და მომხმარებელზე და რეალიზებაზე ორიენტირებული იყოს. ზოგადად, ფასის მატებას ქართულ მარწყვში გადასახადები იწვევს. ელექტროენერგიის, გათბობის ხარჯები ძალიან დიდია, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტის ფასს ზრდის. თუ კი რამე დახმარება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს ხარჯები შეგვიმცირდეს, რა თქმა უნდა, ეს ფასის ცვლილებაზე აისახება“, – განმარტავს ნუცა სალუქვაძე.
მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ ქართული მარწყვი, შესაძლოა, ჩეხეთშიც გაიყიდოს, სადაც „აგროსფეისი“ გაყინულ პროდუქტს გაგზავნის.
ქართული მარწყვი მალე ექსპორტზე გავა – „აგროსფეისის“ დამფუძნებლის რჩევები დამწყები სრატრაპერებისთვის
