„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში არჩევნები ჩატარდება და პარტიის ამომრჩევლები რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევენ. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში” კარი ასე ღია არასდროს ყოფილა.
„უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს.
საუბარია 73 საარჩევნო ე.წ. ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ, თუ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს და მუნიციპალიტეტს სამოცდაცამეტივე პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი ეყოლება.
ხაბეიშვილი კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მელიასთან დაზავებას: „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ“
„არ არის აუცილებელი, ეს პირობითად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან ვთანამშრომლობ.“
30 აპრილამდე სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას. მინდა ყველა დაინტერესებულ პირს მივმართო, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა თუნდაც ერთი აგურის დადება, 30 აპრილამდე “ნაციონალურ მოძრაობის” ცენტრალურ ბიუროში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში ან რაიმე სხვა ინიციატივა გაქვთ.
30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება, იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, რაიონში, მუნიციპალიტეტში ამომრჩევლების მიერ არჩეული იქნეს და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარის, სამდივნოს ან პოლიტიკური საბჭოს მიერ.
პოლიტიკური საბჭოს წევრის 73 მანდატი მთლიანად გადავეცით “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებს და აბსოლუტურად ყველას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღოს, როგორც არჩევნებში ასევე სამუშაო ჯგუფში, რომ წარმოდგენილები იყვნენ ან რაიმე ინიციატივა აქვთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
