ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ორი პრინციპია მთავარი: საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ვინმეს ინტერესში თუ შედის, რომ აქ კონფლიქტი იყოს, მაშინ თქვას, განაცხადოს და იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა
