პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობას ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვიზიტზე თანხმობის გაცემა „არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება“
„მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე“, – ამბობს კობახიძე.
ხოლო კითხვაზე, ხომ არ ეშინია მთავრობას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასე უპასუხა:
„პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ჩვეულებრივი სპეკულაციაა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი სპეკულირებს.
ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები როდესაც პარლამენტში მოხსენება ჰქონდა და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს – მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში.
შეიძლება მთავრობას დღემდე არ გაუცია ნებართვა, შეიძლება მოგვიანებით გასცეს, ეს მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას პრეზიდენტის არასწორი განცხადებების „ეშინია“.
ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის დამაზიანებელია. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი რეკომენდაციებს მხოლოდ ფორმალურად ასრულებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია.
უმჯობესია, პრეზიდენტს ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს ფართო ასპარეზი არ ჰქონდეს იმისთვის, რომ კანდიდატის მიღების პროცესი არ დაზიანდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს.
