LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: საქართველოს რუსიფიკაციას ვაპროტესტებთ – ჩვენი გეგმაა, რომ აქციები არ შეწყდეს, ვიდრე რუსულ რეჟიმს საბოლოოდ არ გავისტუმრებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ რუსულ რეჟიმს საბოლოოდ არ გავისტუმრებთ“. ვაშაძის თქმით, ის რომ დღეს ყვარელში მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, მაჩვენებელია იმისა, თუ სად დგას საქართველოს პოლიცია.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს

თელავში პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს

NGO-ები: ყვარელში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ

„ასევე, ელენე ხოშტარია და სხვა ღირსეული პატრიოტები დაკავებულები არიან. ისინი ყვარელში დააკავეს. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ სად დგას პოლიცია. მინდა მივმართო მათ – არ გრცხვენიათ? ვის იცავთ, ლავროვებს და აკავებთ პატრიოტებს?

ჩვენი გეგმაა ის, რომ აქციები არ შეწყდეს. აქციები დღესაც, ხვალაც, ზეგაც და მანამდე, სანამ ამ რუსულ რეჟიმს საბოლოოდ არ გავისტუმრებთ.

ვისაც რუსეთი და ტაშ-ფანდური უნდა, იტაშ-ფანდურონ თავიანთ რუსეთში და ვალერი კვარაცხელიას გაჰყვნენ შემდეგი რეისით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც ბრიფინგზე თქვა, რომ „ქორწილი აღარ ჩატარდება, რადგან შს მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ ადამიანები, რომლებიც ქორწილის გადახდას აპირებდნენ წასულები არიან“, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ისევ „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია“.

ვაშაძე განმარტავს, რომ აქციის მონაწილეები, არა „ყანწით რუსების მიერ სადღეგრძელოს თქმას, არამედ საქართველოს რუსიფიკაციას აპროტესტებენ“.

ვაშაძის თქმით, რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მათ საქართველოში „ტაშ-ფანდურით არ ელოდება“.

„სალომე ზურაბიშვილი ისევ „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. გაგახსენებთ, რომ ადრე 20 ივნისის აქციის კონტრაქციაც დააანონსა. დღეს, თითქოს ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ ქეიფი არ იქნება და ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენ მხოლოდ ყანწით სადღეგრძელოს თქმას ვაპროტესტებდით. ჩვენ საქართველოს რუსიფიკაციას ვაპროტესტებთ, რადგან ევროპა გვინდა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა: „ბ“, „გ“ თუ „ჭ“.

რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მათ საქართველოში ტაშ-ფანდურით არ ელოდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.