20 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა ნინო მათიაშვილმა თბილისის ბალეტის ფესტივალზე ისაუბრა, რომელიც 28 ივნისიდან 9 ივლისამდე გაგრძელდება.
თბილისის საბალეტო ფესტივალი 28 ივნისს გაიხსნება
მართალია, ბოსტონ ბალეტის სოლისტი ვარ და ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ სიამოვნებით მივიღე ქალბატონ ნინოს შეთავაზება. ბედნიერი ვარ, რომ ამგვარ ფესტივალში მივიღებ მონაწილეობას, რადგან მსგავსი ღონისძიება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად ქართული კულტურისთვისაა მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ამ მასშტაბის ფესტივალები იშვიათად იმართება, ამიტომ ნაკლებად გვაქვს მოცეკვავეებს ერთმანეთის გაცნობის და შეფასების საშუალება. მიხარია, რომ თბილისის ფესტივალს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან, ვისი ნახვა და პარტნიორობა ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. მოუთმენლად ველი ჩემს გამოსვლას, რომელიც 28 ივნისს შედგება დეზდემონას პარტიით სპექტაკლში „ოტელო“. სიმართლე ვთქვა, თავიდან დაჯერებაც გამიჭირდა იმდენად მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა ქალბატონი ნინოს შეთავაზება.
დეზდემონას პარტია ყველა მოცეკვავის ოცნებაა. ძალიან რთული პარტიაა როგორც ტექნიკურად, ისე სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით, რადგან უზარმაზარი ენერგია სჭირდება პერსონაჟის გრძნობების გულწრფელად გადმოცემას და მაყურებლამდე მიტანას. აქტიურად ვემზადები სპექტაკლისთვის და არა მხოლოდ ჩემს საყვარელ პედაგოგთან – ირინა ჯანდიერთან ერთად ვმეცადინეობ, არამედ დამოუკიდებლადაც ვმუშაობ როლზე, რათა მაქსიმალურად სრულყოფილი სახე შევქმნა. პირველად დეზდემონა ქალბატონმა ვერა წიგნაძემ განასახიერა და მართლაც უნიკალური პერსონაჟი შექმნა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მისი შედევრის გამეორება, თუმცა არც მე ვიშურებ ძალას, მით უფრო, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ რამდენად საპასუხისმგებლო მისია მაკისრია.

განსაკუთრებით მახარებს იმ სცენაზე დაბრუნება, სადაც პირველად 7 წლის ასაკში გამოვედი.
დედა ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა იყო, ამიტომ მეც ოპერაში გავიზარდე. ადრეული ასაკიდან ვესწრებოდი ყველა რეპეტიციას, სპექტაკლებს კი, კულისებიდან ვუყურებდი. სადებიუტო – „პატარა ნიღბის“ როლი დადგმაში „სიყვარულის ნექტარი“ შევასრულე, რომელიც სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა. სხვა მსახიობების მსგავსად, მეც მთელი დადგმის მანძილზე სცენაზე ვიყავი, ამიტომ ჰონორარი დამინიშნეს. კარგად მახსოვს როგორ ვიდექი დედასთან ერთად რიგში, გრაფაში კი, სადაც დედამ ჩემს მაგივრად მოაწერა ხელი, „მოწვეული მსახიობი ნინო მათიაშვილი“ იყო მითითებული.
საქართველოში 5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საზღვარგარეთ გადავწყვიტე გამგზავრება, რადგან ძალიან მინდოდა საკუთარი შესაძლებლობების სხვა ქვეყანაში მოსინჯვა. ჯერ ბუდაპეშტში ვიყავი, მერე ჰონკონგ-ბალეტის დასში გადავედი, ნიუ-იორკში გასტროლების დროს კი, ბოსტონში გამგზავრება და ადგილობრივი ბალეტის დასში სინჯების გავლა გადავწყვიტე. საოცრად გამიმართლა, რადგან იმავე დღეს გავაფორმე კონტრაქტი და უკვე მეშვიდე წელია ბოსტონ-ბალეტის სოლისტი ვარ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს, რადგან წარმოუდგენელია ურთიერთგაგების გარეშე რაიმე ფასეულის შექმნა. ჩემი მეუღლე – მამუკა კიკალიშვილი, რომელიც საქართველოში გავიცანი და ერთობლივი დებიუტიც თბილისის ოპერაში შედგა, ნამდვილ პრინცად მესახებოდა სცენაზე, მერე კი, რეალურ ცხოვრებაში გახდა პრინცი. ძალიან იშვიათია, როცა სცენაზე დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ისტორია ცხოვრებაში გრძელდება. მიხარია, რომ ჩემი მეუღლეც მოცეკვავეა, რადგან კარგად ესმის, რამდენად რთული პროფესია ავირჩიეთ და რამდენად დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს ყველა როლი.
