„შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
კახა კალაძის თქმით, ადგილზე, საერთო ჯამში, 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული:
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში.
ალბათ, თქვენც გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს.
სტიქიის და უბედურების აცლიება, არ ვიცი… სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება, შეუძლებელია.
მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა და კოორდინირებულად მუშაობს. საერთო ჯამში, 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული, უმძიმესი მდგომარეობაა.
ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს.“, – თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დამანგრეველი სტიქია შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია გარდაცვლილი 18 ადამიანის ცხედარი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, გარდაცვლილებიდან იდენტიფიცირებულია 12 პირი.
ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 მოქალაქე.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში
