LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლაც მეტირება.. დღეს ადგილზე არ დამხვდა და რომ ვიკითხე, სად იყო, მითხრეს – მისი ოჯახის წევრი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვესო“ – რას ჰყვება ჟურნალისტი შოვიდან 

3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარმა სტიქიამ მთელი ქვეყანა შეძრა. შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მეწყერის ჩამოწოლის დღიდან მუშაობს უამრავი ჟურნალისტი და საზოგადოებას ადგილიდან ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის.

რას ხედავენ, განიცდიან და როგორ უმკლავდებიან ჟურნალისტები ემოციებს ტრაგედიის ადგილას – „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი სალომე ჯაფარიძე მედიასთან საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვება:

„მოგიყვებით ერთ-ერთი დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრზე. რომელსაც ყველაზე მეტად დავუახლოვდი და 2 დღის განმავლობაში ვცვლიდით ინფორმაციას, ვამხნევებდი, იმედს ვაძლევდი, შეიძლება ეს ცუდიც არის, მაგრამ ვცდილობდი, რომ მხნედ ყოფილიყო, გუშინ ძალიან ნერვიულობდა და მიუხედავად ამისა, საკვებით გაგვიმასპინძლდა, დღეს ადგილზე არ დამხვდა და როდესაც ვიკითხე, სად იყო, მითხრეს, რომ მისი ოჯახის წევრი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს, ეს ეპიზოდი ყველაზე მძიმედ დამამახსოვრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში… ახლაც მეტირება…

განსაკუთრებული გვერდზე დგომის, თავდადების, ემპათიის და მეგობრობის მაგალითია ის, რასაც რაჭველები აკეთებენ, ადგილობრივები მოხალისეები და „წითელი ჯვარი“ თითოეულ აქ მყოფს უმასპინძლდებიან, პირველადი საჭიროების ნივთებს ურიგებენ და მაქსიმალურად ცდილობენ თითოეულ აქ მყოფ ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქონ, ყოველ ნაბიჯზეა სპეციალური პუნქტები, ადგილობრივები საკუთარი რესურსებით ცდილობენ დაკარგულების მოძებნას. ძალიან ემოციური იყო და ალბათ ყველაზე მეტად აღწერს აქ სიტუაციას, სამძებრო სამაშველო ოპერაციების დროს, შოვის თავზე გამოსახული ცისარტყელა… სიტყვებით ვერ აღვწერ, ტრაგედიის პარალელურად, როგორი მეგობრობის და სიკეთის მაგალითები ვნახე რაჭაში“, – ამბობს სალომე ჯაფარიძე „კვირის პალიტრასთან“.

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში