არ მეგონა რომ გადავრჩებოდით…ვფიქრობდი – ეგრევე მოვკვდები თუ გავიგუდები, – აღნიშნულის შესახებ შოვის ტრაგედიას გადარჩენილმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა ანა ტატიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამსვენებლების დიდი ნაწილი, მათ შორის ბავშვები სტიქიას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ შენობის სასადილო ზონაში იმყოფებოდნენ.
„სადღაც 15:05-ზე, ჩემმა ბიძაშვილმა გიორგიმ, დამიყვირა: “ანა, ჩქარა – რაღაც ხმა არის და გამოდი აქეთ-ო. რომ მოვტრიალდი, დაახლოებით 15 მეტრის სიშორეზე, პირდაპირ მთა ინგრეოდა. 15 ვერტმფრენი ერთად რომ შეკრიბო ისეთი ხმა იყო. რაც კი ძალა მქონდა გავიქეცი ჩემი ბიძაშვილისკენ, სადაც სასადილო იყო სასტუმროში. იქ შევვარდი. იქაც შემოდიოდა ეს მიწა. ყველაფერი ინგრეოდა. იქიდან გადავძვერით, მინდორივით იყო სასტუმროს წინ.
სადილის დრო იყო და იმ მომენტში დამსვენებლები, ბავშვები თავიანთი ძიძებით, ბებიებით და დედებით სადილობდნენ და მაგიტომ გადარჩნენ, თორემ ნახევარი საათით ადრე ყველა გარეთ იყო. ეს გრძელდებოდა 15 წუთი. რომ შეწყდა ყველაფერი, დაახლოებით 5-10 წუთში მაინც ბიძგები იყო და ყველანი პანიკაში ვიყავით. საშინელება იყო. მე პირადად არ მეგონა რომ გადავრჩებოდით. ვფიქრობდი – ეგრევე მოვკვდები თუ გავიგუდები.
სახელმწიფო უწყებიდან არავინ მოვიდა და არ გვკითხა, რომ აი, მანქანა აღარ გყავთ და სადმე ხომ არ გადაგიყვანოთ. ორმა მოხალისემ, ორმა უკეთილესმა ადამიანმა მე, ჩემი ბიძაშვილი და კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ჩამოგვიყვანეს საჩხერემდე”, – თქვა ტატიშვილმა ფორმულასთან საუბარში.
მთავარი ფოტო: ფორმულა
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა.
