უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატოში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.
ცნობისთვის, ბელგოროდი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის მოსაზღვრე ოლქია.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
