LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს.. სტატუსზე გადაწყვეტილება გზავნილია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ“

„ევროკავშირისთვის, თავისი არსით, სტატუსი არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულად გაიაზრონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, სადაც ის კოლეგებს შეხვდება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეც ისაუბრებენ.

შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს – მნიშვნელოვანია აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია 

„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს ჩემთვის პირველი შესაძლებლობაა, რომ ასეთი სახის მაღალი დონის ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა კოლეგებს შევხვდეთ და ვისაუბროთ, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ვისთანაც საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, თავად კონფერენციას რამდენიმე თემატიკა აქვს: გამოსვლა მექნება უკრაინის საკითხზე, ასევე, დეზინფორმაციის პრობლემაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მიტანა და იმის ახსნა, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება, ამავე დროს, გზავნილია, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ, მათ შორის, ფიზიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ თავისი ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ოჯახში.

ეს ასევე გზავნილია რუსეთის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ ჯერზე, ამ გადაწყვეტილებას, ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს. შესაბამისად, საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირისთვის თავისი არსით სტატუსი არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულად გაიაზრონ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„ბევრი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას და კანდიდატ ქვეყანასაც ვუსწრებთ.. მთავარია, ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“ – შალვა პაპუაშვილი