LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით, მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რამეზე, რაც თავისთან აქვთ, რასაც თავისთან არეგისტრირებენ

ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით, მეგობრებს. ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რამეზე, რაც თავისთან აქვთ, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში; რაც ინიცირებულია ევროკავშირში, უფრო მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს კანონპროექტშია წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

იგი გამჭვირვალობის კანონპროექტის ხელახლა დაინიცირების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, კონკრეტული ადამიანებისგან თუ ოფიციალური სტრუქტურებიდან, მათ შორის, ჩეხეთის ელჩისგან ვისმენთ განცხადებას, რომ უცხოური გავლენა, უცხოური ძალა ჟღერს არამეგობრულად, მაშინ მე ყველას შევახსენებ, მაგალითად, როგორ ჰქვია დიდ ბრიტანეთში კანონს – „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“; ევროკავშირში – არა თუ გავლენა, აქ ნახსენებია უფრო მეტი, ინტერესების წარმოდგენა: „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების, წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზრის ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება“; ავსტრალია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში“ არსებობს ჩანაწერები; კანადა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“; საფრანგეთში ინიცირებულია კანონი: „უცხოური გავლენის დასაძლევად“ და არსად არ წერია, რუსული ან სხვა ქვეყნების გავლენის დასაძლევად. ახალ ზელანდიაში სამადაა გაყოფილი: „სარჩევნო აქტი“, „დანაშაულების შესახებ აქტი“ და „კომპანიების შესახებ აქტი“; უკრაინა – გარკვეული საკანონმდებლო აქტები შესწორების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აქ აქცენტი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოებაზეა. აშშ – უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტი და ასე შემდეგ.

რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან აბსოლუტურად პრობლემას არ წარმოადგენს და ლეგიტიმურია ასეთი კანონების მიღება? თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირე რიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, მე ასე არ მიმაჩნია. ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია. ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით, მეგობრებს. ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რამეზე, რაც თავისთან აქვთ, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში; რაც ინიცირებულია ევროკავშირში, უფრო მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს კანონპროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს დამოუკიდებლად, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ, სუვერენიტეტი იყოს განმტკიცებული და ვერავინ შეძლოს შავი ფულით მოახდინოს გარკვეული კორექტირების შეტანა ამ ქვეყნის მართვაში“, – განაცხადა მდინარაძემ.