მსახიობი მარინა დარასელია პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, რა ვერ ისწავლა დღემდე:
…კერძების მომზადება, სამარცხვინო ვარ. სტუდენტობის წლებში ბებია და ბიცოლა მიმზადებდნენ, ახლა – დისშვილი. შინ რომ ვბრუნდები, სულ ვიღაც მახვედრებს გამზადებულს და ვერასდროს ვისწავლე.
არასდროს დამავიწყდება დათო კვირცხალიამ ოჯახში პირველად რომ დამპატიჟა, მას იმერელი მეუღლე ჰყავს, არაჩვეულებრივი ქალბატონი, სიდედრის დაბადების დღე ჰქონდა, საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი სახე იყო სტუმრად მისული. მივედი და ატყდა ამბავი, გრიშა კაკაჩიას ლამარა მოვიდაო. ეგონათ, ჩემი პერსონაჟის მსგავსად, მეგრული ელარჯისა და ღომის მომზადების მასტერკლასს ჩავატარებდი. დათო და ქეთი ცალკე გავიყვანე სამზარეულოში, – თავი არ მომჭრათ, არაფრის გაკეთება მთხოვოთ, არ შემიძლია-მეთქი. ეს ამბავი მერე იმით გამოვასწორე, რომ ვიმღერე, ვიცეკვე. ოჯახში საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრი ვარ, ჩემი დისშვილი კი საშინაო საქმეებს განაგებს.
