შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 26 მაისს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრში) დააზიანა, რის გამოც სრულად შეჩერებული იყო სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის „ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარის ინიციატივით, საზღვრის კვეთისას „ბაგრატაშენის“ მიმართულებით დროებით შეთავაზებული იქნა ალტერნატიული, შემოვლითი საავტომობილო გზა მგზავრთა და ტვირთის დროული გატარებისთვის.
ასევე, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე დებედამ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ის სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.
