„ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ, რომ სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც“, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული:
„ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ.
არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და ინფორმაცია არასწორად გაავრცელა, ვურჩევდი, სწორად გაეცნონ ინფორმაციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც უწყების საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოპაციენტები შეიკრიბნენ მოთხოვნით: „მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას, მინდა ვიცოცხლო“.
