„ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, ცინიკურია, როდესაც კანონს, რომელიც კონგრესში განიხილება, ეწოდება „MEGOBARI“ აქტი, როდესაც ამ აქტში პირდაპირ მტრობაზეა საუბარი“, – ასე შეაფასა პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში დაინიცირებული აქტი „MEGOBARI“.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალიან სამწუხაროა და ეს ყველაფერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება“.
„მე ამ კანონს ვუწოდებდი „DAUDZINEBELI“ აქტი, ამ კანონს ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა.
ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უდნა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 2020-2021, შემდეგ 2022 წელი – წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებაზე და გადატვირთვაზე, არამედ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, ეს სამწუხაროა. ყველას მოვუწოდებ, პრაგმატულად იმოქმედონ და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე საკუთარი წვლილი შეიტანონ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
