„მე და ჩემ კოლეგებს საკმაოდ რთულ და დაძაბულ პირობებში გვიწევს ჩვენი ფუნქციის შესრულება. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან და მითუმეტეს ბულინგის მსხვერპლი ხდება“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში წარადგინა.
„რამდენად მოითხოვს რეაგირებას ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, მოხუცები სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა მისი ფუნქცია შეასრულა ძალიან მაღალ დონეზე“ – მიმართა ზავრადაშვილმა იოსელიანს.
ზავრადაშვილმა იოსელიანთან წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო ფსიქოლოგიური ზეწოლა არამხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და არასრულწლოვან შვილებზეც ხორციელდება.
ზავრადაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა:
„მე და ჩემ კოლეგებს საკმაოდ რთულ და დაძაბულ პირობებში გვიწევს ჩვენი ფუნქციის შესრულება. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან და მითუმეტეს ბულინგის მსხვერპლი ხდება. რამდენად მოითხოვს რეაგირებას ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, მოხუცები სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა მისი ფუნქცია შეასრულა ძალიან მაღალ დონეზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის ცალმხრივი თუნდაც მედიასაშუალებებიდან გაშუქებული ფაქტები. თვლით თუ არა, რომ ამაზე გაცილებით უფრო მკაცრი რეაგირება უნდა იყოს, ვიდრე არის“ – მიმართა ზავრადაშვილმა იოსელიანს.
ომბუდსმენმა ირმა ზავრადაშვილის განცხადების პასუხად განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია:
„აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ეს ეხება არამხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ ეხება მისი ოჯახის წევრებს. მიუღებელია როდესაც ეს არის დაკავშირებული არასრუწლოვნებთან, ბავშვებთან და ეს ყველაფერი აისახება ოჯახის წევრების ფსიქიკურ-ემოციურ მდგომარეობაზე“ – განაცხადა იოსელიანმა უმრავლესობის დეპუტატის პასუხად.
