LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია, საიდანაც ხელფასს ვიღებ იმ უწყებას ვებრძოდე – ანუ შენი აღქმით, საზიზღარ რუსულ დაწესებულებაში ზიხარ, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ – ეს ამორალურია!

წარმოუდგენელია, რაღაცას ვაკეთებდე, ხელფასს ვიღებდე და საიდანაც ხელფასს ვიღებ, იმ უწყებას ვებრძოდე – ანუ შენი აღქმით, რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულებაში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ… ჩემი აზრით, ეს ამორალურია! – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რა პროცესიც აღნიშნული ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით იმის გამო დაიწყო, რომ მათ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.

მდინარაძის თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ჩათვლის, რომ კვლევითმა ცენტრმა „აუთსორსზეც“ მშვენივრად შეიძლება იმუშაოს“, ის ასეთ გადაწყვეტილებას დაეთანხმებოდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არ ვიცი და არც არის ჩემი საქმე. გუშინ ვნახე ნიუსი – პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს ათავისუფლებენო.

თუ პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხარჯები შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით არაადეკვატურია, ეს (ცენტრის ლიკვიდაცია) სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ჯერ მორალურ და შემდეგ სამართლებრივ მხარეზე გეტყვით. არსებობს მაგალითად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები, რომლის აქციაზე მორბენალი თანამშრომელი ამ საფუძვლით შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელს, თუ საკითხის მორალური მხარე გაინტერესებთ, თუ ადამიანი ხელფასს ისეთ რაღაცაში იღებ, რისიც არ გჯერა, ეს არის საშინელება და უბედურება.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რაღაცას ვაკეთებდე, ხელფასს ვიღებდე და თან საიდანაც ხელფასს ვიღებ, იმ უწყებას ვებრძოდე.

წარმოიდგინეთ მორალური მხარე და ეს ფორმალურ-სამართლებრივ მხარეში არ აურიოთ – პარლამენტის კვლევითი ცენტრის თუ ნებისმიერი სხვა უწყების თანამშრომელი აქ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რაღაცას აკეთებს და შემდეგ აქციიდან პარლამენტს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს ამორალურია ანუ შენი აღქმით რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ…

წარმოუდგენელია! – ეს ადამიანი უნდა გაათავისუფლო, უნდა მოუწოდო, რომ ასეთი უბედური სამსახური თავად დატოვოს.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუ მიზეზი რეორგანიზაცია გახდა, რეორგანიზაციაში ჩვენი მომხრეც და მოწინააღმდეგეც მოყვება. თუ სამსახური გაუქმდა, რა მნიშვნელობა აქვს, იქ თქვენი აზრით ყველა „ნაცი“ მუშაობდა?!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.