LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელსაც ნარკოდამოკიდებულების გამო შვილი გარდაეცვალა, ვიდეომიმართვას ავრცელებს: „არ ვიკადრებ ტყუილს და არ ვიტყვი, გულის პრობლემები ჰქონდა… დარჩენილი ცხოვრება მოვახმარ იმას, რომ რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის უსაზღვრო ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი“

„ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, რომლის გაყინული სხეული გუშინწინ მივაბარე მიწას. იტყვით, რაღა დროს ვიდეოს ჩაწერააო – ამ ვიდეოს ჩემი შვილისთვის არ ვწერ“, – აღნიშნულ ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო გელდიაშვილი ავრცელებს.

„ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნინო გელდიაშვილი საკუთარ შვილზე ჰყვება და ამბობს, რომ დარჩენილი ცხოვრება მოახმარს იმას, რომ რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის უსაზღვრო ტკივილი, რომელსაც თავად განიცდის. როგორც ნინო გელდიაშვილი აღნიშნავს, მისი შვილი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი იყო.

„ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, რომლის გაყინული სხეული გუშინწინ მივაბარე გაყინულ მიწას. იტყვით, რაღა დროს ვიდეოს ჩაწერააო, ამ ვიდეოს ჩემი შვილისთვის არ ვწერ, ამ ვიდეოს ვწერ იმისთვის, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მოვახმარ იმას, რომ რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის უსაზღვრო ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი.

ტირილიც კი არ შემიძლია… ეს ვიდეო გიორგის [შვილს] არ ეხება, მაგრამ მაინც მინდა, გიორგიზე რამდენიმე სიტყვა გითხრათ: გიორგიმ საუბარი 6 თვის ასაკში დაიწყო, 2 წლის იყო, როდესაც ნახევარქათამას ზღაპარი თავიდან ბოლომდე წაიკითხა, 5 წლის ასაკში დახურა 4 კლასი, უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო, როგორც ამბობენ ხოლმე, ბავშვობაში ვუნდერკინდი იყო. მერეც…

ისრაელში ისე არ გავუშვი, ვიდრე სალიცენზიო გამოცდას არ ჩააბარებდა. ლიცენზირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი იყო. მთელი ერთი წელი ესპანურს ვმეცადინეობდი, ის მხოლოდ ერთი თვე ჩაუჯდა და ჩემზე უკეთესად ლაპარაკობდა, წერდა და ეს ენა უცებ ისწავლა. წერდა ლექსებს, მოთხრობებს… ყველაფერს ფლანგავდა, იქნებ რამე მაინც ვნახო…

ამხელა ნიჭთან ერთად, იყო უსუსური ადამიანი, რომელიც „არას“ ვერავის ეტყოდა. მე არ მახსოვს, რამეზე მას „არა“ ეთქვას, არა მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის, არამედ ჩემთვისაც.

როდესაც ადამიანს დიდი ნიჭი აქვს, ის, ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან სუსტია, როგორი ძლიერი და მაჩხუბარიც არ უნდა ჩანდეს. თავისმა სისუსტემ, ნებისყოფის ნაკლებობამ და უუნარობამ – ეთქვა სიტყვა „არა“, დაღუპა. ასევე, დავღუპე მე. მე ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და მე არ აღმოვჩნდი მის გვერდით მაშინ, როდესაც ის კვდებოდა.

არა მხოლოდ მის მკვლელებს, არამედ ყველა „ბარიგას“, ვისაც მივწვდები, ვეუბნები: „თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ, თქვენ ყველანი გისოსებს მიღმა უნდა იყოთ და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რამდენსაც შევძლებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, ჩემო მეგობრებო. განსაკუთრებით, მათი, ვისაც აღარ ჰყავს თავისი შვილი წამლის გამო და ვინც თქვენს შვილებში ამ უსაშინლეს სენს ებრძვით“, – ამბობს ნინო გელდიაშვილი ვიდეომიმართვაში.