LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FDA-იმ დაამტკიცა აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ინფექციისგან თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [FDA] დაამტკიცა აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი, რომელიც ინფექციისგან თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სამედიცინო გამოცემები ავრცელებს.

New Atlas-ის ცნობით, პრეპარატი „ლენაკაპავირი“ Yeztugo-ს სავაჭრო მარკის ქვეშ იყიდება და ის აივ ინფექციისგან 100%-იან დაცვას გვთავაზობს წელიწადში მხოლოდ ორ ინიექციად.

როგორც გამოცემა წერს, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს. ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრეპარატის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მასზე ხელმისაწვდომ ფასად წვდომას აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ.

New Atlas-ის ინფორმაციით, გლობალური ფონდი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა სწრაფად შეიქმნას ინფრასტრუქტურა და რესურსები, რომლებიც ლენაკაპავირის ყველაზე მეტად საჭირო, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მიწოდებისთვის არის აუცილებელი.

როგორც Gilead Sciences-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო’დეიმ განაცხადა, Yeztugo თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და ის რეალურ შესაძლებლობას იძლევა აივ ინფექციის დასასრულებლად.