LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკბილი გაზიანი სასმელი ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის

გერმანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელი დეპრესიის განვითარების ალბათობას ზრდის, განსაკუთრებით ქალებში.

როგორც გამოცემა Medical Xpress წერს, მეცნიერებმა 2014-2018 წლებში ათასი ზრდასრული გერმანელის მონაცემი შეისწავლეს. შედეგმა აჩვენა, რომ 405 მონაწილეს დეპრესია აწუხებდა, ხოლო 527-ს – არა. რაც შეეხება გაზიან სასმელს, მისი ხშირი მოხმარება არა მხოლოდ დაავადების წარმოქმნასთან, არამედ სიმპტომების სირთულესთანაც იყო დაკავშირებული. ამასთან, მაჩვენებელი უფრო მძიმე აღმოჩნდა ქალბატონთა შემთხვევაში, გაზიანი სასმლის სიყვარულის გამო დეპრესიის ალბათობა 17%-ით იზრდებოდა და თანაც სიმპტომებიც უფრო მძიმედ მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა ასეთი კავშირი კონკრეტულ ბაქტერიებს დაუკავშირეს. საუბარია ნაწლავის Eggerthella-ს გვარის ბაქტერიებზე, რომელთაც დეპრესიას წარსულშიც უკავშირებდნენ.

საქმე ისაა, რომ გაზიან სასმელში არსებული დიდი რაოდენობით შაქარი და კონსერვანტები ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს არღვევენ. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ასეთი ცვლილება ნერვულ სისტემაში ანთებით პროცესებს და დეპრესიული ქცევის გაძლიერებას იწვევს.

საინტერესოა, რომ კაცების შემთხვევაში მსგავსი კავშირი ნაკლებად ფიქსირდება.

კვლევის ავტორთა აზრით, შედეგები დეპრესიული აშლილობის პრევენციისა და მკურნალობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი კვების გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე და ეს ინფორმაცია საგანმანათლებლო კამპანიებში უფრო მეტად უნდა ინტეგრირდეს.