მომღერალი ანი კეკუა არაჩვეულებრივ ფორმაშია. fortuna.ge-ს ის თავის მოვლის რუტინასა და წონის კონტროლზე ესაუბრება. კილოგრამები მან მშობიარობის შემდეგ მოიმატა, თუმცა მცირე პერიოდში შეძლო ისევ ძველი ფორმების დაბრუნება.

ანი, გასაოცარ ფორმაში ხარ, გაგვიმხილე, როგორ ინარჩუნებ მსგავს ფორმას?
ყოველთვის ნორმალურ ფორმაში ვიყავი, მაგრამ 2 წლის განმავლობაში, კონკრეტულად კი, მშობიარობის შემდეგ, მოცემულობა შეიცვალა. თუმცა ალბათ უკვე 3 წელია, რაც დავუბრუნდი ისევ ჩემს პირვანდელ ფორმას. მხოლოდ ის 2 წელი იყო არასტანდარტული (კოვიდის პერიოდი), როდესაც სახლურად, არასტანდარტული რეჟიმით ვცხოვრობდით.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავუბრუნდი ჩემს ძველ ფორმას, – დატვირთული რეჟიმით, ნაკლები კვებით, ვარჯიშით, ცურვით… უბრალოდ, დავაკვირდი ჩემს თავს, რა უხდება ჩემს ორგანიზმს და რა – არა, ვიცავ მარტივ წესებს: გვიან არ ჭამას; გაზიანი სასმლის ნაკლებად დაყოლებას საკვებზე, ხილის ცალკე კვებად მირთმევას. ხანდახან, ჩემს შემთხვევაში, 18-საათიანიც ამართლებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად არის ის ყველასთვის უნივერსალური. ამასთან დაკავშირებით რჩევის უფლება არ მაქვს.

გარდერობის განახლება, შენს შემთხვევაში, რამდენ ხანში ერთხელ ხდება?
ამას ნებისმიერ შემთხვევაში სისტემატურად ვაკეთებ. ჩემი სტილი მაქვს, რომელიც ჩემია, არ ვყვები ერთნაირ ტრენდებს. მაგალითად, ვიღაც რომ აიღებს და იტყვის, რომ ეს კარგი სათვალეა და მთელ საქართველოს რომ იგივე სათვალე უკეთია, უხდება თუ არ უხდება, რადგან გაუგიათ, რომ კარგია, არ ნიშნავს, რომ ყველას შეიძლება უხდებოდეს.

ინდივიდუალიზმი ნაკლებად არის წინა პლანზე დღეს საქართველოში, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ინდივიდუალიზმს ანიჭებს უპირატესობას და ეს ფასობს. მეც ბავშვობიდან მომწონს ინდივიდუალიზმი და ამისკენ უფრო ვარ მიდრეკილი ყველაფერში, ამიტომ ვფიქრობ, ჩემი სტილი მაქვს.

როგორ უვლი სახის კანს და სხეულს? რაიმე შინაური რეცეპტებიც ხომ არ გაქვს?
ბავშვობიდან უბრალოდ ვგრძნობდი, რომ დილით ცივი წყლით სახის დაბანა უფრო უპრიანი იყო და ორგანიზმი ყოველთვის გაძლევს ნიშანს, რა მომენტში რა ჯობს. საერთოდ, ყველაფერი ნატურალური მომწონს, მათ შორის გარეგნობაც. ნაკლებად მაინტერესებდა ბრენდების სხვადასხვა სახეობის პროდუქტი, უბრალოდ, აქამდე დამატენიანებელ საცხს მივმართავდი, ახლა რადგან შუა ასაკში შევედი, დავამატე შრატი და ხანდახან შესაბამისი ზეთები. სხეულზეც მარტივად – დამატენიანებელს ვიყენებ.

ბებია აკეთებდა ხშირად სახის საცხს სახლის პირობებში, ძალიან კარგს, სხვათა შორის. ტრადიციული მეთოდებიდან ვიყენებ კიტრის კანს, მარწყვს და სხვა. ეს, ვფიქრობ, ისედაც ჯანსაღია, რადგან ბევრ ვიტამინს შეიცავს და ლოგიკურია, თუ ალერგია არ არსებობს, არაფერს აზიანებს.

თუ სტუმრობ კოსმეტოლოგებს და მიმართავ ინიექციურ პროცედურებს?
აქამდე არ დამჭირვებია და არ მიმიმართავს. როცა გარშემო მყოფი ადამიანებისგან მოვისმენ რჩევებს, რომ უკვე საჭიროა, ან რაიმეს გამოასწორებდნენ ჩემს გარეგნობაში, შესაძლოა, მივმართო…

რა არის ქალის სილამაზის მთავარი სამი კომპონენტი, შენი აზრით?
დღეს ხშირად მსმენია, რომ ლამაზ ქალს მხოლოდ მოვლილს უწოდებენ. ჩემთვის სილამაზე სხვა რამეებშია. მაგალითად, მაინც შინაგან სამყაროში, რომელიც მოიაზრებს: სულიერებას; როგორიცაა ქალი შინაგანად, ის განწყობა მოდის გარეგნობაშიც. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ნატურალურობის შემთხვევას, როცა ყველა მიმიკა ადგილზეა და არ შეშდება. ბედნიერება პირად ურთიერთობაში, თავმდაბლობა ასევე ალამაზებს ქალს… ინტელექტი, მეტყველება, გულწრფელობა, ნიჭიერება, ეშხი, სისადავე, ღიმილი, სილაღე. უბრალოდ, „ნამდვილად” ყოფნა, იმად ყოფნა, რასაც წარმოადგენ -ესეც ალამაზებს. სამს ნამდვილად ვერ გამოვყოფ.

