ლეგენდარული შოტლანდიური ჰარდ-როკ ჯგუფი – Nazareth მსოფლიო ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა.
საკულტო ბენდი მასშტაბურ კონცერტს 9 ოქტომბერს, მულტიფუნქციურ სივრცე Electroyard-ში (Elektrowerk) გამართავს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტზე კოლექტივი მსმენელს წარუდგენს 25-ე სტუდიურ ალბომს – Surviving the Law, რომლის რელიზი 2022 წლის 15 აპრილს შედგა.
ამასთან, ახალ სიმღერებთან ერთად საღამოზე შესრულდება უკვდავი ოქროს ჰიტებიც, მათ შორის – Love Hurts, Hair of the Dog და Animals.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი – 135 ლარია.
Nazareth მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე შოტლანდიური ჰარდ-როკ ჯგუფია, რომელიც 1968 წელს დაარსდა. 70-იან წლებში ბენდმა უდიდესი როლი ითამაშა მძიმე როკისა და ჰევი-მეტალის ჟანრის ჩამოყალიბებაში.
ჯგუფს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა 1975 წლის ალბომმა – Hair of the Dog. bendis სავიზიტო ბარათად ითვლება Love Hurts, ჯგუფ The Everly Brothers-ის სიმღერის როკ-ქავერი, რომელიც დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო როკ-ბალადადაა აღიარებული.
ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, კოლექტივმა არაერთი ტრაგიკული დანაკარგი განიცადა – გარდაიცვალნენ ვოკალისტი – დენ მაკკაფერტი და დრამერი – დარელ სვიტი. მიუხედავად ამისა, ჯგუფი ინარჩუნებს კლასიკურ ენერგიას, ამჟამინდელ შემადგენლობაში კი ერთადერთი ორიგინალი და დამფუძნებელი წევრი, პიტ ეგნიუ შედის, რომელიც Nazareth-ში დაარსების დღიდან, 1968 წლიდან ბას-გიტარაზე უკრავს.