ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განუცხადა, ამ დროისთვის მიმდებარე ქუჩების ნაწილი გადაკეტილია და საცხოვრებელი კორპუსების შეფუთვა მიმდინარეობს.
”ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ნაწილი არის კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია და ამით დასრულდება მთლიანად ეს პროექტი. მსგავსი მასშტაბის პროექტი ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსთავში არ განხორციელებულა. პროექტი მოიცავს 21 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, ფასადების მოწყობას, სველი წერტილების დამონატაჟს და წყლის სისტემების განახლებას, ჰიდრანტების მოწყობას, რომელიც ხანძრის დროს წყლის სისტემაზე მიერთების შესაძლებობას იძლევა,” – განუცხადა ”ფორტუნას” ჯიქიამ.
გარდა ამისა, ძველ რუსთავში სატელეფონო ჯიხურები დაბრუნდება. რუსთავის მერის განმარტებით, ძველი ქალაქი პირვანდელ სახეს სრულად, დაიბრუნებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღებას შეეცდება.
”ვაბრუნებთ ქალაქში სატელეფონო ჯიხურებს, ანუ უბანი მიდის კლასიკური სტილისკენ, როგორიც იყო 70-80-იან წლებში, მათ შორის სააფიშე ადგილებით. სატელეფონო ჯიხურებიდან დარეკვა ქალაქის მასშტაბით უფასო იქნება. ეს ჯიხურები არსებობდა, უბრალოდ, რაღაც პერიოდის განმავლობაში საჭიროება აღარ იყო და მოიხსნა. საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია ანალოგიური ჯიხურები. შეიძლება დატვირთვა ნაკლები აქვს და მაგრამ არსებობს. მაგალითად, ახლახანს რებილიტაცია ჩაუტარდა და პირვანდელი ფორმა დაიბრუნა ხიდმა. საკმაოდ დახვეწილი გამოვიდა, აქედან გამომდინარე, წავედით იქითკენ, რომ ყველა კომპონენტმა პირვანდელი სახე დაიბრუნოს” – აღნიშნა ჯიქიამ.
რაც შეეხება მიმდებარე ქუჩებს, რუსთავის მერის ინფორმაციით, მათი რეაბილიტაცია შარშან განხორციელდა, წელს კი მხოლოდ ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.
”ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება იმ ოთხ საცხოვრბელ კორპუსს, რომელიც ძეგლთა ნუსხაშია შესული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და შეთანხმება თითქმის მიღწეულია, რომ რეაბილიტაციის შემდეგომ მთლიან ქუჩას მიენიჭოს ძეგლის სტატუსი” – განაცხადა დავით ჯიქიამ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ”დაგი” ახორციელებს. პროექტზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 4.7 მლნ ლარი დაიხარჯება. ძველი რუსთავის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/inforustavi/videos/vb.306943529455599/623768337773115/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]



