LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცა განათდა და ორივე ძირს დავეცით, შოთიკომ გონება დაკარგა… ვყვიროდი, გავიქეცი, ბიჭი გავაჩერე და ვუთხარი – შოთიკოს მეხი დაეცა მგონითქო…“ – რას იხსენებენ „იმედთან“ მეჯვრისხეველი მოზარდები, რომლებმაც მეხის დაცემა საკუთარ თავზე გამოცადეს

29 აგვისტოს, მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს, შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა. „ქართლის ამბები“ წერდა, რომ ძლიერმა მუხტმა შოთიკოს გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა. მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.

„მეგობარი არ მიატოვა“- მეჯვრისხევში მეხის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდი დაშავდა

„წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ.“

პატარა გმირმა, მეგობარი არ მიატოვა და სოფლისკენ გაიქცა, რომ დასახმარებლად უფროსებისთვის მიემართა. საბედნიეროდ შოთიკო მალევე გამოკეთდა და ახლა თავს კარგად გრძნობს, ის მალევე მოინახულა მისმა მეგობარმა გოდემ და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

რა მოხდა იმ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ ბიჭები და მათი მშობლები, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრობენ:

„უცებ დიდი ხმა იყო, ჩამობნელდა, ცა განათდა, თვალები დავხუჭე და ორივე ძირს დავეცით, აღარ მახსოვს გაგვისროლა, თუ იქვე დავეცით…მე ფეხები დამიბუჟდა ძალიან, შოთიკომ გონება დაკარგა, უცებ ავდექი, ვყვიროდი, შოთიკოს მოსულიერება ვცადე, გავიქეცი, გიგა ძია არ ჩანდა, ზემოთ ვერ ავდიოდი, მუხლები მტკიოდა, ძირს ვვარდებოდი და ქვემოთ ჩავედი, ტრასაზე ერთი ბიჭი გავაჩერე და ვუთხარი შოთიკომ გონება დაკარგა, მეხი დაეცა მგონითქო…“ – იხსენებს გოდერძი.

შოთიკოს მხოლოდ ძლიერი განათება ახსოვს, შემდეგ კი ამბობს, რომ გონს სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვიდა:

„ეკლესიიდან რომ ჩამოვედით განათება იყო და მერე აღარ მახსოვს, ძირს ვეგდე, შემდეგ კი სასწრაფოში გავიღვიძე…“ – ყვება შოთიკო.

მძიმე წუთები გაიხსენეს მოზარდების მშობლებმაც:

„პირჯვრის გადაწერა ვცადე, მაგრამ შუა თითს ვერ ვაერთებდიო და მაინც გადავიწერე – ღმერთს ვთხოვე, აღარ განმეორდეს, რომ ჩემი მეგობარი გადავარჩინოო…“ – იხსენებს მოზარდის დედა.