დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი.
„საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული – ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე.
ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება.
საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
