LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა რუსეთში შექმნილი 214 ყალბი ანგარიში და 35 გვერდი წაშალა, რომელთა სამიზნე საქართველოც იყო

Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განმარტებით, რუსეთშია შექმნილი და სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-მა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. აქვე განმარტებულია, რომ “კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთშია შექმნილი, რომლებიც ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, თუმცა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა.