მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხვალ, არჩევნების დღეს გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციების მოწყობა ზუგდიდში, ბოლნისში, დმანისში, ბათუმსა და გლდანში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ის მოუწოდებს დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მიმართ. კობახიძე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ და აფრთხილებს ოპონენტებს, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ხასიათის ქმედება კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
“პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე: დევი ჭანკვეტაძეზე, დიმიტრი შაშკინზე და ნიკანორ მელიაზე.
ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტოშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.
ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური ოფისებიდან იმ ადამიანების სიები, რომლებიც დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება” – ირაკლი კობახიძე.
