LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიქმნა

პარტია “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს. მდინარაძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, სამკვირიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელის ოპოზიციასთან შეთანხმებით შედგა.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდწილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას“, – აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს დოკუმენტში მითითებული პუნქტები შეასრულონ.

„ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, მათთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველვყოთ ყველამ ერთად ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს“, – განაცხადა მდინარაძემ.