დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსის 13 198 აქტიური შემთხვევაა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, აქტიურ შემთხვევებს შორის 3 155 პაციენტი სტაციონარში, 1 848 კოვიდ სასტუმროში, ხოლო 8 195 მოქალაქე ბინაზე მკურნალობას გადის. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვირუსის გავრცელების მიხედვით ცხელ წერტილად კვლავ 3 რეგიონი: თბილისი, აჭარა და იმერეთი რჩება.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ეს გლობალური ტენდენციაა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისკენ.
“დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან ეგიონების მიხედვით ჩაშლა ასეთია: თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დღეს ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
უნდა ველოდოთ, რომ ზრდა გვექნება, იმიტომ რომ ეს ტენდენცია გლობალურია და ამას საქართველო მარტო ვერ შეაჩერებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ვიცხოვროთ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად, სულ მცირე წელიწადი, წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება ჩვენი თანაცხოვრების მთავარი ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი. ჯერჯერობით, ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
