უკრაინის მოქალაქეები ყოველდღე სოციალურ ქსელებსა თუ ვიდეო მიმართვებში საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან და იმ მძიმე წუთებს იხსენებენ, როცა მათ სიახლოვეს ბომბი ჩამოვარდა, როცა ახლობლები დაკარგეს და თავად სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ.
ერთ-ერთი ასეთი უკრაინელი – 15 წლის ანდრიი ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ჩაწერა. ის უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივიდან არის, რომელიც იძულებული გახდა საკუთარი სახლიდან გაქცეულიყო.
„მახსოვს ყვითელი აფეთქება. ხმა ყურებში. მახსოვს, თითქოს გზაში გამოვიღვიძე. მახსოვს დალეწილი მანქანა. დავინახე ალმოდებული დედა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ცეცხლი ეკიდა. გზისკენ ხოხვა დავიწყე. მერე სროლის ხმა გავიგონე, არა იარაღის, არამედ რაკეტების თუ რაღაც მსგავსის. მერე კიბეების ქვეშ დავიმალე“, – უთხრა CNN-ს მოზარდმა, რომელიც ახლა ლვივის ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობს.
ის იხსენებს, რომ სიარული არ შეეძლო და საშველად სხვებს ეძახდა. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივებმა ის სამშვიდობოს გაიყვანეს. როგორც CNN წერს, დედა ცოცხლად დაიწვა.
დედაზე საუბრისას ანდრიი ატირდა და თქვა, რომ ეს ოჯახისთვის ძალიან მძიმეა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა სურს, რომ მსოფლიომ იცოდეს დაღუპული დედის შესახებ:
„მინდა იცოდეთ, რომ დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო“, – უთხრა მან თარჯიმანს.
ჩერნიჰივი რუსეთის დაბომბვებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ჩრდილოეთ უკრაინაში. ზოგიერთ დაბომბილ შენობას ცეცხლი ამ დრომდე უკიდია.
JUST NOW: 15 year-old Andriy, suffered a shattered heel and broken collar-bone in an explosion in Chernihiv.
The blast killed his mother. His story breaks my heart.https://t.co/niWYEwgcU6
— John Berman (@JohnBerman) March 24, 2022
