LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა რთველს დაასუბსიდირებს: „ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, მინიმუმ, 90 თეთრი იქნება“

„ბუნებრივია, ჩვენ ვიმსჯელეთ რთველზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირებას წელსაც მოვახდენთ. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, მინიმუმ, 90 თეთრი იქნება. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო მევენახეებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით – დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს დარგში 25 000-მდე მევენახეა ჩართული, რაც მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას ნიშნავს.