LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მააა, დამეხმარე რა?!“-თაკო ჩარკვიანი  ინფექციური საავადმყოფოდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თაკო ჩარკვიანი  ინფექციური საავადმყოფოდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს. გთვაზაზობთ პოსტს უცვლელად:

– „მააა, დამეხმარე რა?!“- „როგორც კი გამიჭირდება, (საერთოდ) ჯანუკის ვთხოვ ხოლმე –
მააა, დამეხმარე რა?!- ეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემიანის დაკარგვის შემეშინდება, ისე დიდი “კურდღლობით” არ გამოვირჩევი; ახლობლებიც და ექიმებიც დამეთანხმებიან ალბათ.
-აი, მოახლოებულ, ახლობლის განშორებას თუ ვგრძნობ, ბითური თაგვივით კუთხეში ავიტუზები და სულ ჯანსუღის სტრიქონები მახსენდება – დედას მიუძღვნა:
“შენ ნუ გგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება, თორემ სიკვდილი, სიკვდილი რაა, სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან!”- ჰო, საოცარი სიტყვებია მართლა…..
მოკლედ, იმდენი დრო გაქვს ადამიანს ფიქრისთვის და ვიღაც იკითხავს- სიკვდილზე ფიქრისო???- არააა, პირიქით – სიცოცხლეზე, განვლილზე, შენს განვლილ ცხოვრებაზე, რა გხიბლავს, რა გენანება, რა არ გააკეთე, ან რა გააკეთე;-ზუსტად იცი, რომ რაღაცას არ გააკეთებდი????
აბა რა გითხრათ, გეტყვით, რომ ერთის შემშურებია მხოლოდ:
-რისი???? – სიჩუმის. რატომ???- იმიტომ, რომ კარგია და სასარგებლოა???? არა, რა თქმა უნდა არა, აბა მაშ რა?
რა და მომგებიანიაო ერთმა მითხრა; შენ არ ცხოვრობ მომგებიანადო. მართლააა?? ვკითხე და თითქოს შემრცხვა ჩემი შეცდომის – “წამგებიანად რომ ვცხოვრობ” იმისი.
ჰო?? ალბათ! მორჩილად დავეთანხმე კეთილისმსურველს.
მერე მახსოვს მთელი გზა დოლიძის ქუჩამდე ფეხით წამოვედი რუსთაველიდან და ჩემთვის ვფიქრობდი.
-მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, არ ვიცი რატომ, იმიტომ, რომ მართლა მომხვდა გულზე “ტყუილ-მართალი” თუ იმიტომ, რომ თავი რომ დავუქნიე მორჩილად კეთილისმსურველს რჩევა -დატუქსვის გამო.
ვერ გეტყვით, ალბათ ორივე.
მერე მახსოვს, ჩემი დიდი ძაღლის ხმამ დამაყენა კარგ ხასიათზე; იგრძნო რომ სახლს მივუახლოვდი და მთელ ქვეყანას შეატყობინა ყეფით -მოდისო.. გამიხარდა, კიბეზე ავედი სახლის კარი გავაღე, სუნი-სურნელი ვიგრძენი ჩემი ძველი კეთილი სახლის, ნოტების, წიგნების და ცოტა ჩემი სუნამოსი ერთმანეთში არეული, შემეგება ჩემი ბაგუ, ამლოკა, შემომახტა,
(ბაგუ ქართული ნაგაზი იყო- ჩემი მეგობარი)
სამზარეულოში გავედი ყავა დავისხი, თან ბაგუს ვეუბნებოდი- მოიცა, ახლა ყავას დავისხამ და მოგეფერები თქო; ზუსტად ისე მორჩილად დამეთანხმა ჩემი ძაღლი, აი, როგორც მე იმ კეთილისმსურველს.
მეც ჩემი დიდი ძაღლივით მორჩილი ვიყავი ერთი საათის წინ.
-გამეცინა საკუთარ თავზე….. ახლა ფიქრის დრო რომ მაქვს, მაინც ნაკბენივით მახსოვს ის სიტყვები.
ფიქრობ ადამიანი, რა შემზარავი სიტყვააა „მომგებიანი“, ანუ იცხოვრე თუ არა მომგებიანად.
-რა ვიცი აბა, სამშობლოს სიყვარული და ცოტა იდეალისტი თუ ხარ და თუ ეს წამგებიანია, ესე იგი ვიცხოვრე წამგებიანად.
-ჩემმა მშობლებმაც წამგებიანად ალბათ…
ახლა ჩემი დოლიძის ძველი სახლი მახსენდება ძველი სურნელით…
ჩვენი ოჯახის ფრიად საინტერესო, სავსე და ვიღაცისთვის შეიძლება “წამგებიანი” ცხოვრება პეკინის N 2-ში;
– ჰოდა, მადლობა ღმერთო, იმ სურნელისთვის, იმ სტრიქონებისთვის,
-იმ სახლისთვის, იმ ჰანგებისთვის, იმ ქუჩისთვის, მადლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვიცნობდი და მახსოვს…
-მადლობა ამ “წაგებისთვის”! „