ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად გარეგანი სიძლიერისა, ნარცისები სინამდვილეში ძალიან მოწყვლადები არიან. რამდენად რთულია ურთიერთობა ნარცისთან – მარტა ქარუმიძეს ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე ესაუბრა.
„ძალიან ადვილია შეგვიყვარდეს ნარცისი. ურთიერთობის პირველ სტადიაზე, ნარცისი ყოველთვის ცდილობს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს – ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, აქაც პირველობას ცდილობს. ნარცისს აუცილებად სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც მისთვის ბევრ რამეს გააკეთებს, საკუთარ მნიშვნელობასა და ეგოს გაუძლიერებს. სხვანაირად ნარცისი ვერ კმაყოფილდება, რადგან არა აქვს უნარი, თავად გაძლიერდეს ემოციურად.
დასაწყისში ნარცისიც ბევრს გასცემს, თუმცა, როგორც კი რწმუნდება, რომ პარტნიორის გული მოიგო, წყვეტს სასიმოვნო ჟესტებს, კომპლიმენტებს, მხარდაჭერას, ითხოვს მეტ და მეტ ყურადღებას და საბოლოოდ პარტნიორზე ემოციურად ძალადობს კიდეც – ამცირებს, მუდამ უკმაყოფილოა ყველაფერით, რასაც პარტნიორი მისთვის აკეთებს. ამავე დროს, ნარცისი „ძვალს გადმოუგდებს“, რომ მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანი არ დაკარგოს.
საბოლოო ჯამში ნარცისთან ურთიერობით სტაბილურობის, დაცულობის მიღწევა შეუძლებელია. ნარცისი ვერ კმაყოფილდება, რადგან ვერავინ აუვსებს შინაგან სიცარიელეს, რომელიც სტანჯავს. ნარცისის გარშემომყოფნი კი წლების განმავლობაში იტანენ უპატივცემულობას, უარყოფას, ემპათიის ნაკლებობას, რაც საბოლოოდ ანადგურებს თვითშეფასებას”.
