ფსიქოსომატური დაავადებები გამოწვეულია ხანგრძლივი ემოციური დაძაბულობით, რომელიც სხეულში ფიზიკური პრობლემებით იჩენს თავს. სხვადასხვა სომატურ დაავადებებზე ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გავლენაზე ჯერ კიდევ სოკრატე აღნიშნავდა: „არ არსებობს სხეულის დაავადება სულის გარეშე“. პლატონიც ამას ამტკიცებდა. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოთერაპევტი მაკა ისაკაძე.
რას ნიშნავს ფსიქოსომატური დაავადებები?
გეშტალტთერაპია აღიარებს, რომ ფსიქიკა და სხეული ერთი მთლიანობაა, ის, რაც ხდება ფსიქიკაში აიასახება სხეულში და პირიქით. დღეს უკვე ტრადიციული მედიცინის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებათა 80 %-ი ფსიქოსომატურია, 32-40%-ს იწვევს სტრესი, სულიერი ტრავმები და შინაგანი კონფლიქტები. მათ უკან კი ისეთი ემოციების შეკავება დგას, როგორიცაა აგრესია, ბრაზი, შიში, წყენა, დანაშაულის განცდა, სირცხვილი.
გეშტალტთერაპია ფსიქოსომატური სიმპტომის ფორმირებას შემდეგნაირად ხედავს: იგი წარმოიშობა სხეულში ქრონიკულად მიმდინარე დაბალი ინტენსივობის დაძაბულობის შედეგად, რაც განპირობებულია „შეკავებითი“ პროცესებით, ემოციური იმპულსებისა და ქმედებების შეკავებით ან დათრგუნვით. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად.
წამოიდგინეთ უბრალო სიტუაცია: ვთქვათ სამსახურში გაგლანძღათ უფროსმა. თქვენ თუ ამით თავმოყვარეობა შეგელახათ და ბრაზობთ, ამას სხეულებრივად შეიგრძნობთ. გინდათ აგრესიას უპასუხოთ აგრესიით(ერთი მოთხოვნილება), ან პირიქით- გეშინიათ, გინდათ გაიქცეთ შორს იმ ადგილიდან, მაგრამ არც ერთს არ აკეთებთ, რათა არ გაგაგდონ სამსახურიდან და არ დარჩეთ ფინანსური სახსრების გარეშე(მეორე მოთხოვნილება). შეჩერებული იმპულსი მიმართული იქნება საკუთარი აგრესიული აგზნების წინააღმდეგ, ანუ ქმედების ობიექტი სხვის მაგივრად თქვენი სხეულია.
რას იწვევს ემოციების შეკავება?
ადამიანი წყვეტს მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, აჩერებს ემოციასა და ქმედებას, თუ იგი მეორდება და მეორდება ამა თუ იმ მიზეზის გამო, ე.ი. პრობლემა ხდება ქრონიკული. ახლა სხავგავრად ავხსნათ დაძაბულობის წარმოშობა: მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე მიმართული იმპულსები გარკვეული ჯგუფის კუნთების დაძაბულობაში გამოიხატება, და როცა ადამიანი თავს იკავებს გარკვეული ქმედებისაგან, პირველადი იმპულსების შეჩერებისთვის ერთვება ანტაგონისტი კუნთები. კუნთების დაძაბულობას მივყავართ ნერვული დაბოლოებებისა და სისხლძარღვების მოჭერასთან. შედეგად უჯრედები არასაკმარისად მარაგდება ჟანგბადით, ირღვევა ცვლითი პროცესები და იქმნება სხავადასხვა ფსიქოსომატური დაავადებების განვითარების წინაპირობა. რაღაც დროის შემდეგ სიმპტომის ფუნქციური ხასიათი იკარგება და ვლინდება ორგანული ცვლილებები. რა თქმა უნდა ყველა აღწერილი პროცესი არაცნობიერად.
განვიხილოთ, თუ როგორ ხდება ფსიქოსომატური სიმპტომი ადამიანის საკონტაქტო ფორმა: მაგალითად, ბავშვს კლასელმა აწყენინა, ამის გამო არ უნდა სკოლაში წასვლა, დედას ვერ ეუბნება, ეწყება მუცლის ტკივილი, რის შემდეგაც მშობელი სახლში ტოვებს. ეს მოვლენა თუ მეორდება, აღნიშნული სიმპტომი ხდება ბავშვის საკონტაქტო ფორმა და მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ირიბი საშუალება.
როდის ისმევა დიაგნოზი?
ფსიქოსომატური დაავადების დაიგნოზი ისმება, თუ კლიენტს ჩატარებული აქვს სამედიცინო კვლევები და არ დასტურდება ორგანული პათოლოგია ან სიმპტომის ინტენსივობის შეუსაბამობა. სხეულში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი შეიძლება იყოს ფსიქოსომატური ბუნების, დაწყებული ტერფში ჩხვლეტიდან და შაკიკიდან დამთავრებული თმის ცვენამდე-ონკოლოგიურ დაავადებამდე. შესაბამისად კლიენტი ფსიქოთერაპევტთან მიდის ნებისმიერი სახის ჩივილით.
ფსიქოსომატური სიმპტომის წარმოშობის მექანიზმებიდან ცხადი ხდება, რომ ფსიქოთერაპევტი მუშაობს არა სიმპტომთან, არამედ კონტაქტის არასწორ ფორმასთან. თერაპიული პროცესის ხელისშემშლელი ძალიან ხშირად არის ადამიანის “გაგიჟების შიში”, ანუ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბანალური სომატური სიმპტომი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური წარმოშობის, ფიქრობენ რომ ეს არაჯანსაღი ფსიქიკის მაჩვენებელია და ზოგჯერ ურჩევნიათ ორგანული პათოლოგია აღმოაჩნდეთ.
თერაპიის დროს ფსიქოსომატური სიმპტომი კარგავს თავის როლს და ადამიანი ახლებურად იწყებს საკუთარი სხეულისა და ემოციების გაცნობიერებას, გამოხატვას. სწავლობს შინაგანი კონფლიქტების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კონსტრუქციულ საშუალებებს.
თუ ფსიქოსომატოზია, ანუ პროცესი ქრონიკულია და სხეულებრივი გაცნობიერება არ იძლევა შებრუნებით ორგანული ცვლილებების შესაძლებლობას, პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაცნობიერებაში ჩაღრმავება ხელს უწყობს ორგანიზმის თვითრეგულაციის პროცესების სტიმულაციას, რაც აუმჯობესებს სომატურ მდგომარეობას, ან იწვევს მდგრად რემისიას.

7 რჩევა მაკა ისაკაძისგან:
1.გახსოვდეთ, რომ საშიში არა ნეგატიური ემოციებია, არამედ მათი გამოხატავის შეჩერება. გააცნობიერეთ თქვენი ავტომატური რწმენები, რომლებიც ხელს გიშლით ემოციათა გამოხატვაში.
2. ისწავლეთ ემოციების სწორად გამოხატვა, ადექვატურ სიტუაციაში ემოციები მიმართული უნდა იყოს მეორე ადამიანზე, მის კონკრეტულ ქმედებაზე, მისი შეურაცხყოფისა და დადანაშაულების გარეშე, მისი ქმედების განზოგადების გარეშე.
3. გათავისუფლდით აუტანელი სოციალური როლისგან, როლისგან რომელიც „უნდა“ აკეთოთ და არავითარ კმაყოფილებას არ გაძლევთ.
4. შეიყვარეთ თქვენი თავი და გარე სამყარო.
5. მისდიეთ სპორტს: განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი სახეობები, რომლებიც აქტიურ ქმედებებს მოითხოვენ. ესენია: ტრენაჟორებით ვარჯიში, ცურვა, ლაშქობები, ბოქსი.
6. თუ სამედიცინო კვლევებით ორგანული პათოლოგიები არ დასტურდება და გაწუხებთ რაიმე სომატური, მაშინ დაუსვით თქვენს თავს კითხვები: რისთვის გჭირდებათ ეს სიმპტომი? რა ქმედებებს და განცდებს აკავებს? როგორ უკავშირდება თქვენს სამყაროს და რა როლი აქვს თქვენს ურთიერთობებში, სოციალურ კავშირებში? რა მოთხოვნილებას გიკმაყოფილებთ ირიბად? რა სარგებელი მოაქვს?
7.კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, როცა გააცნობიერებთ თქვენს ცხოვრებაში სიმპტომის როლს, შეეცადეთ მოიძიოთ პირდაპირი გზები თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფსიქოსომატური სიმპტომის გარეშე და ასე დაემშვიდობოთ მას.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
