რას ნიშნავს იყო მშობელი, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვი ეგოისტად და როგორ ვუთხრათ ბავშვს უარი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის “იდილია” ფსიქოლოგმა თიკა ფანცულაიამ ისაუბრა.
რას ნიშნავს იყო მშობელი?
გახდე მშობელი, პირველ რიგში ნიშნავს გააცნობიერო, რომ პასუხს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შვილის კეთილდღეობაზე აგებ და ეს კეთილდღეობა პირველ რიგში ბავშვის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღეა. მშობლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, რასაც ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე აკეთებს, რთულია იმდენად რამდენადაც მნიშვნელოვანია შვილის აღზრდა მშობლისთვის არ იქცეს მძიმე ტვირთად. ამიტომ, წყვილმა მაშინ უნდა გადაწყვიტოს შვილის გაჩენა, როდესაც შინაგანად მზად იქნევიან. რას ნიშნავს ეს? როდესაც შეგიძლია მიუხედავად აღზრდის სირთულეებისა, ამ პროცესით ისიამოვნო. ერთი შეხედვით რთული აღსაქმელია. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან მშობლები ერთმანეთისგან. ერთნი მთელ ცხოვრებას შვილებს უძღვნიან და საკუთარი თავი ავიწყდებათ, იწყებენ მათ მაგივრად „სუნთქვას”, “ჭამას“, გადაწყვეტილების მიღებას. თითქოს მათში დებენ ყველაფერს და შემდეგ ინვესტიციის უკან დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის მშობლის ეგოისტური მოლოდინი „მე შენთვის ყველაფერი გავაკეთე, შენ რითი მიხდი”, უკვე ზრდასრული შვილების შემყურე იმედგაცრუებულები რჩებიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათზე დამოკიდებული, გარემოში დეზორიენტირებულები, დაბნეულები არიან, არ შესწევთ ძალა საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად წარმართონ. მეორე კატეგორია საკუთარ თავსა ან გარემოზეა ორიენტირებული – დაკავებული მშობლები, რომლებიც ვერ ახერხებენ სრულფასოვან კონტაქტს შვილებთან და თითქოს მათი ცხოვრება პარალელურად მიდის და იშვიათად თუ იკვეთება. ამას თან ახლავს მუდმივი დანაშაულის განცდა. წყდება ემოციური კავშირი. მატერიალურად უზრუნველყოფილი შვილი ვერ იღებს მთავარს, მხარდაჭერას, გაგებას. ემოციური მხარდაჭერის კომპენსირებას მშობლები საჩუქრებით ცდილობენ, ამით თითქოს საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ახერხებენ, რითაც ახალისებენ ბავშვის კაპრიზულ „ბავშვის სიტყვა კანონია“ ქცევას, ამ დროს მშობლები მართულები არიან ბავშვის მხრიდან.
ემოციურ კავშირს არ სჭირდება დიდი დრო, ემოციური კავშირი არის სწორი მესიჯის მიწოდება ბავშვისთვის – “მე შეს გვერდით ვარ”, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ინტერესი ჩვენი შვილის ყოველდღიურობის მიმართ.
როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვი ეგოისტად?
ეგოიზმის სხვადასხვა ფორმა არსებობს, რომლებსაც მანიპულაციური ქცევა უსწრებს წინ. არსებობენ ჭირვეული ბავშვები, რომლებიც საკუთარი თავის შეცოდებით ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ და ზემოქმედება მოახდინონ მშობლებზე. ამ დროს მშობლებს აქვთ დანაშაულის განცდა და სწორედ ასე ყალიბდება მანიპულაციური ქცევა. როცა ბავშვი ამას ეჩვევა, ჩვენ ვერ ვახერხებთ ქცევის შეცვლას, არსებობენ ნარცისული ქცევის ბავშვები, რომლებსაც ჰქონიათ რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. ესეც მშობლის დამსახურებაა. როდესაც ბავშვმა არ იცის, რისთვის აქებენ, რისთვის არის სხვაზე უკეთესი, მას უყალიბდება სწორედ ნარცისული ქცევა. ხშირად მშობლები ჩივიან, რომ ბავშვს აქვს ისტერიული ქცევა და ვერაფერს უხერხებენ, ესეც ნარცისული მოდელია. როდესაც ფიგურირებს “მე მინდა”, ამ დროს ბავშვმა იცის, რომ საკუთარი თავის შეცოდებით ან ისტერიული ქცევით, ამ “მინდას” აისრულებს.
როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს უარი?
“არას” გარეშე შვილს ვერ გაზრდით, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ გააკეთებთ ამას. ბავშვისთვის “არა”არ არის საკმარისი პასუხი და ის მოითხოვს ახსნას. “არას” არ უნდა ჰქონდეს აკრძალვის ფორმა, უნდა ჩანდეს ახსნა. მაგალითად, “არას” ვამბობთ იმიტომ, რომ ეს არის ბავშვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საშიში, ან ვერ ვახერხებთ მისი სურვილის შესრულებას მატერიალურად. ხშირად ეს პროცესი რთულია საჩუქრებთან მიმართებაში, ჩვენ შვილებს უნდა მივცეთ საშუალება დაგვინახონ და გაგვითვალისწინონ.
მშობელი არ უნდა იყოს შვილის მანიპულაციის გავლენის ქვეშ. ხშირად ბავშვები ერევიან მშობლების გადაწყვეტილებაში, ძალიან რთულია მშობელმა თავი გაართვას შვილში გაზრდილ ეგოიზმს. მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ თუ ჩვენ მთელ ცხოვრებას ბავშვებს მივუძღვით, ისე რომ საკუთარ პირადს დავივიწყებთ, ის ეჩვევა რომ არის სამყაროს ცენტრი და შემდგომ მშობლის პირადულ გადაწყვეტილებას შეიძლება შეეწინააღმდეგოს.
არიან მშობლები, რომლებიც განქორწინების შემდგომ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ახალი ცხოვრების დაწყებისას ისინი ხშირად ბავშვის პროტესტს აწყდებიან.
მშობლობა არ ნიშნავს, იცხოვროთ მხოლოდ და მხოლოდ შვილებისთვის. მშობლობა არ ნიშნავს, იყოთ რაღაცისთვის თავმიძღვნილი და შემდომ აყვედრიდეთ საკუთარ შვილებს, რომ მათთვის იცხოვრეთ. მშობლობა არ ნიშნავს, რომ როდესაც მშობელი ხდები, შენს პირად ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა. მშობლობა ნიშნავს, საკუთარი ცხოვრებისთვის გამოყოთ დრო, თქვენ პასუხისმგებელი ხართ, იყოთ ბედნიერი, გქონდეთ საკუთარი პირადი ცხოვრება და ამავდროულად იყოთ მშობელი. კარგი მშობელი არ არსებობს, არსებობს შედარებით კარგი მშობელი, ყველა ვარიანტში დაუშვებთ შეცდომებს, მთავარია ამის გაანალიზება.

7 რჩევა თიკა ფანცულაიასგან:
1.გამოსავალი სწორედ რომ ზომიერებაა (არ ვიცხოვროთ ჩვენი შვილების მაგივრად და არც გავცივდეთ ემოციურად) და არც თუ ისე რთულად მისაღწევია. მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი ფუნქციები გვახსოვდეს როგორც მშობელს
2. იზრუნეთ მათ კეთილდღეობაზე
3. უნდა შეგეძლოთ უპირობოდ, უბრალოდ სიყვარული
4. საჭიროა მხარდაჭერა, თანაგრძნობა შვილების მიმართ
5. ხელი შეუწყეთ დისციპლინასა და თანმიმდევრულობას
6. ბავშვი უნდა მოამზადოთ დამოუკიდებლობისთვის
7. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მშობლებს არათუ აქვთ ბედნიერების უფლება, არამედ საჭიროა ბედნიერები იყვნენ. მხოლოდ ბედნიერი მშობლების შვილები არიან ბედნიერები და ეს აუცილებლად გულისხმობს, რომ მშობლებმა დრო არა მხოლოდ შვილებს, არამედ ერთმანეთს და საკუთარ თავებსაც დაუთმონ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
