მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობს.
ეკა კუპატაძე ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს, მათ შორის იხსენებს მეუღლესთან დაშორებას.
კითხვაზე, რატომ მოხდა, რომ შვილები მარტომ გაზარდა, ეკა კუპატაძე პასუხობს:
„ვცდილობ ხოლმე, რომ ამ კითხვას მაქსიმალურად თავი ავარიდო, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია და ერთ დღეს ეს „ფრჩხილებიც“ უნდა გავხსნა. ჩემამდე მოვიდა ჭორები, რომ ამბობენ, თურმე ეკა კუპატაძის ქმარს სვანეთში ვიღაც მოუკლავს და მისი ცოდვა აქვსო. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. მე ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. ჩემ შვილებს ძალიან კარგი გენი აქვთ. ჩემ მეუღლეს ძალიან კარგი და განათლებული დები ჰყავს. მათზე ცუდს ვერავინ მათქმევინებს. შვილები ჩემი მეუღლის სახლში გაზარდე. მის სოფელში ვცხოვრობდი 13 წელი“. -ამბობს ეკა კუპატაძე.
წამყვანის, ნოე სულაბერიძის კითხვას: „მეუღლე გარდაიცვალა“? ეკა კუპატაძე პასუხობს.
„ცოცხალია და სხვა ოჯახი ჰყავს… ვეცდები ყველაფერზე ისე ვისაუბრო, რომ მისი პირადი არ დავაზიანო. მე იმ სახლში მივედი 24 წლის გოგო და იმ სოფელმა გულში ჩამიკრა, დაშორების მერე ჩემთან ვერავინ გაბედავდა ყოფილ მეუღლეზე, ან მულებზე ცუდის თქმას… მოხდა ისე, რომ ვერ ჩავჯექი დედამთილის სტანდარტებში, ცოტა სხვა მოთხოვნები ჰქონდა. გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ჩვენი ოჯახი დაინგრა. არ დავიწყებ საკუთარი თავის ქებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მშრომელი ადამიანი, ვერავინ იტყვის, რომ ვიყავი ხელმრუდი, ან ცუდი წრის, უბრალოდ ვერ მიმიღო იმ ადამიანმა და მისი გავლენით დაინგრა ჩვენი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედამთილი წრფელი გულით მიყვარდა, ისევე როგორც ჩემი მამამთილი და ეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იცის. 24 წლის ვიყავი მაშინ. ბიჭებს მამასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. ქუჩაშიც რომ შეხვედროდა, შვილებს ვერ იცნობდა“. – ამბობს ეკა კუპატაძე.
