LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერლის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე ავრცელებს.

„არ ვიცი რა დავწერო, ან მერე შევძლებ თუ არა რამის დაწერას… ამ წუთას მხოლოდ ის ვიცი, რომ აღარ მიყურებს, აღარ მელაპარაკება…“, – წერს ქეთი დუმბაძე.

შეგახსენებთ, წელს ნანული გუგუნავას 97 წელი შეუსრულდა.

ვიდეო: „მე და ნოდარს ვაჟიც გვყავდა – ზაზა, რომელიც ოთხნახევარი წლის ასაკში დაიღუპა წითელით – ექიმის შეცდომის გამო, მე და ნოდარი ვისხედით და ტირილით ვიხრჩობოდით“ – რას ჰყვება ნოდარ დუმბაძის მეუღლე

ნანული გუგუნავამ, რამდენიმე წლის წინ, ჟურნალ „სარკესთან“ ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა:

„მე და ნოდარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ნოდარი დღესაც ისევე მიყვარს, როგორც შეყვარებულობის დროს. ბევრჯერ მითქვამს და არც დამიმალავს, რომ შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა. ეს დღემდე ვერ ამიხსნია. სიყვარული, რომელიც ნოდართან მაკავშირებდა, სულ სხვა იყო.

ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ერთხელ ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც ნოდარიც გამოდიოდა. მე და ჩემი მეგობარი კლუბში შევდიოდით, დერეფანი გავიარეთ, იქ ორი ბიჭი იდგა. ამ დროს მესმის: ,,შეხედე, რა საინტერესო გოგოა!”. მივტრიალდი და ხელში ნოდარი შემრჩა.

როდესაც საღამოზე გამოვიდა, მის ლექსებზე დარბაზი დაინგრა. ბოლოს ნოდარი მეგობრებმა ახლოს გამაცნეს. სხვათა შორის, თავიდან მას ერთი ჩემი მეგობარი მოსწონდა. იმ გოგოს ოჯახი სასიძოდ მდიდარ კაცს ეძებდა. ნოდარს კი, რომელიც დაკერებული შარვლით დადიოდა, მათი ოჯახი სიძედ არ ინდომებდა, სწორედ ამიტომ მათ შორის არაფერი მოხდა. მე და ნოდარი კი მეგობრები გავხდით. მალევე ეს მეგობრობა გაუთავებელ სიყვარულში გადაიზარდა. და-ახლოებით 7 თვის მერე ხელი მოვაწერეთ“…