LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა, 84-ხმით დაამტკიცა.

დადგენილებაზე თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, რომ კომისია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის.

კერძოდ:

  • მათ გადასაჭრელად  წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოწესრიგების საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების შემუშავებაში;
  • კონტროლს გაუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას, შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ სხდომას;
  • კონტროლს გაუწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების, დადგენილებების და სხვა აქტების შესრულებას;
  • კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით თავის სხდომებზე მოუსმენს მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციებს და ანგარიშებს.

აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ, კომისიის პერსონალური შემადგენლობა აირჩევა. რეგლამენტის გათვალისწინებით კი, კომისიას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს.