ოპოზიცია პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით და საპარლამენტო მუშაობაზე უარის თქმით, დემოკრატიას ძირს უთხრის. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიის ძირის გამოთხრისათვის, ყველას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
”დღეს უმრავლესობის სხდომა შედგება, სადაც დღევანდელ სხდომაზე მისაღებ გადაწყვეტილებას განვიხილავთ უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ მსჯელობის შედეგად, ჩვენ ჩვენი პოზიციით წარვსდგებით პარლამენტში.
რაც შეეხება პირად პოზიციებს, ვფიქრობ, რომ პირად პოზიციას აქ მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, კონტექსტი კი არის შემდეგი, რომ მათ შორის, ევროსაბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არ შემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ამიტომ, ახლა ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა არის პასუხი ამ ძირგამოთხრილი ქმედებისა”. – განაცხადა, პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, დაირღვევა თუ არა კონსტიტუცია იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ რამე არღვევს კონსტიტუციას, ეს ოპოზიციის ქმედებაა, რომლითაც ისინი ძირს უთხრიან დემოკრატიას და სწორედ ამ ფაქტს უნდა მიექცეს ყურადღება გადაწყვეტილების მიღებისას.
”პოლიტსაბჭომ თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა და დღეს, ამაზე გვექნება მსჯელობა უმრავლესობას. პროცედურულად ჩვენ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და სწორედ ეს პროცესია ახლა, რომ ამ შესაძლებლობიდან ამოვარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური იმისთვის, რომ სათანადო პასუხი გაეცეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას”. – აღნიშნა, პაპუაშვილმა.
