დღეს, განათლების სამინისტროსთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მონაწილეების თქმით, ის დახმარება, რაც სახელმწიფომ 10 თვის განმავლობაში გამოყო, საკმარისი არ იყო და მზად არიან, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით განაახლონ მუშაობა. მათ ადგილზე ნაციონალური სამოსი ქონდათ მიტანილი და აცხადებდნენ, რომ ეს უსულო საგნებია და დანიშნულებისამებრ ვეღარ იყენებენ. ასევე, მათ განაცხადეს, რომ მზად არიან, ყველა რეგულაციის დასაცავად.
”უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. პირველი პრობლემა ეს არის, ფინანსური პრობლემა, რადგან უკვე მე-10 თვეა, უმუშევრები ვართ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რაც იყო, იმდენად მიზერულია, რომ არანაირად არ გვეყოფოდა. ხელშესახებ დახმარებაზე საუბარი არ არსებობს. დღემდე არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ რეგულაციებით, რაც საჭიროა კოვიდთან დაკავშირებით. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. არ შეიძლება ბავშვები ისხდნენ სახლში. ეს შემდგომში ხერხემლის პრობლემებსაც გამოიწვევს”. ამის შესახებ, ქორეორაფიული ანსამბლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
