LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით თამარ ქუთათელაძე, რომელიც სტუდენტი 46 წლის ასაკში გახდა: „მეუღლე ძალიან ბედნიერია, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მისგან მქონდა…ასაკი არაფერს ცვლის, არავინ არასდროს არ უნდა თქვას უარი, საკუთარი ოცნება აისრულოს“

46 წლის თამარ ქუთათელაძე საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო – თამარ ქუთათელაძემ 2026 წლის ერთიან ეროვნული გამოცდები ჩააბარა და პირველი კურსის სტუდენტი გახდა.

თამარ ქუთათელაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა „რუსთავი 2“-ის გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“. ის სიუჟეტში საკუთარი ემოციების, ოჯახის წევრების მხარდაჭერისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჰყვება.

„პირველ გამოცდაზე რომ წავედი, უფრო ვნერვიულობდი, სტუდენტებში ნამდვილად გამოვირჩეოდი. დამკვირვებელმა მითხრა – დაგიმახსოვრეთო.

98-99-იან წლებში მეუღლემ მომიტაცა, ასე შევქმენი ოჯახი. 18 წლის ვიყავი, როდესაც სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ შვილები, ოჯახი – სწავლის მიტოვება მომიწია. ვარ ბედნიერი ქალი და დედა. შვილები რომ გაიზარდნენ და საკუთარი გზა ნახეს, მივხვდი, რომ სწავლა მჭირდებოდა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩემი მეუღლისთვის საყვარელი ლექსი შემხვდა, ისე გამიხარდა, მას მივუძღვენი…

მგონია, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჩემი მეუღლის იყო. მეუღლე ძალიან ბედნიერია, რომ სტუდენტი ვარ. ყოველთვის ნანობდა და მეუბნებოდა: „რატომ არ გააგრძელე სწავლა“. ჩემი ყოველთვის სჯეროდა და მეუბნებოდა: „მეტს იმსახურებ“.

დედამ და მამამ რომ გაიგეს სტუდენტი გავხდი, მათი ბედნიერი სახეები დიდხანს მეყოფა. ჩემი მშობლები ამდენ ხანს ნერვიულობდნენ, რომ არ ვისწავლე, ახლა სტუდენტი შვილი ჰყავთ.

ვფიქრობ, არავინ არასდროს არ უნდა თქვას უარი, საკუთარი ოცნება აისრულოს და მიზანს მიაღწიოს. ასაკი არაფერს ცვლის, დაბრკოლებები უფრო ძლიერს გხდის. სწავლის დასრულების შემდეგ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი“, – ამბობს თამარ ქუთათელაძე.