„გურამ დადიანიძე მამიდას ფსიქოლოგთან დაჰყავდა, მას დანიშნულიც კი ჰქონდა წამლები და გურამი წამლებს იღებდა“, – ამის შესახებ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“.
როგორც ტარიელ კაკაბაძემ თქვა, აღნიშნული ინფორმაცია მას მიაწოდა ჯუმბერ ბუჩაშვილმა, რომელიც გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის სამძებრო საქმეს უძღვებოდა.
„მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც ამ ადამიანს შევხვდი, მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. მას ჯუმბერის ინიციატივით შევხვდი. მომაწოდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ გურამის მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა და მას დანიშნულიც კი ჰქონდა წამლები და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე არსებობს გარკვეული შეკითხვები.
გამოკითხვის იმ ოქმებითაც, რომლებიც უკვე საქმეში არსებობს და ჩვენც სულ ახლახან გამოვითხოვეთ, საუბარია ფსიქოლოგზეც, ფსიქიატრზეც და საუბარია წალმებზე, რომლებსაც ნამდვილად ასმევდნენ გურამ დადიანიძეს [კონკრეტულად მამიდა ასმევდა]…
ჩვენ საგამოძიებო ორგანოს მაშინვე მოვთხოვეთ, დაადგინოს იმ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ვინაობა, ვინც პირადად ხვდებოდა გურამს, ესაუბრებოდა მას და სწავლობა მის მდგომარეობას…
მინდა მივმართო ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, რომ გამოჩნდნენ, ითანამშრომლონ ჩვენთან და ინფორმაცია მოგვაწოდონ. მინდა შევახსენო, რომ საგამოძიებო ორგანო მათ ეძებს. მათ შესაძლოა ნამდვილად ჰქონდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გაგვიყვანოს სხვადასხვა კვალზე და დაგვეხმაროს საქმის გახსნაში“, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
