LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტის სასამართლომ Aviator Studio-ს ევროკავშირში SPRIBE-ის მსგავსი ნიშნების გამოყენება აუკრძალა

მალტის სასამართლომ Aviator Studio-ს ევროკავშირში SPRIBE-ის მსგავსი ნიშნების გამოყენება აუკრძალა. მალტის სამოქალაქო სასამართლომ SPRIBE OÜ-ის მოთხოვნის საფუძველზე დროებითი განჩინება გამოსცა, რომლითაც Aviator Studio-სთან დაკავშირებულ სამ კომპანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე SPRIBE-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენება აეკრძალა.

2026 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება Aviator Studio Limited-ს, Aviator Studio Holding Limited-სა და Aviator Studio USA Limited-ს ეხება. კომპანიებს შესაბამისი ნიშნების გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაევალათ როგორც პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებისას, ისე ვებგვერდებზე, მათ შორის aviator.studio-ზე.

სასამართლომ პირველადი შეფასებისას მიიჩნია, რომ Aviator Studio-ს მიერ გამოყენებული ნიშნები SPRIBE-ის ევროკავშირში რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებთან მაღალი მსგავსებით გამოირჩევა. სასამართლოს შეფასებით, ორივე პროდუქტის ერთი და იმავე iGaming აუდიტორიისთვის მსგავსი კომერციული არხებით მიწოდება მომხმარებლების, ოპერატორებისა და პარტნიორების დაბნევის რეალურ საფრთხეს ქმნის.

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია შესაძლო რეპუტაციულ ზიანზეც. სასამართლოს შეფასებით, მაღალრეგულირებად iGaming სექტორში ბრენდებს შორის აღრევამ SPRIBE-ს შეიძლება რთულად დასათვლელი ზიანი მიაყენოს, რის გამოც საკითხი გადაუდებლად მიიჩნია.

SPRIBE-ის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის განცხადებით, მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„სასამართლომ პირველადი შეფასებით დაინახა როგორც ჩვენს სავაჭრო ნიშნებთან მაღალი მსგავსება, ისე მომხმარებლების, ოპერატორებისა და პარტნიორების დაბნევის რეალური საფრთხე. ჩვენ განვაგრძობთ ყველა გონივრული სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას ჩვენ მიერ შექმნილი თამაშის, Aviator-ისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დასაცავად, როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, – აცხადებს დავით ნატროშვილი.

SPRIBE-ის პოზიციას წინ უძღოდა კომპანიისთვის პოზიტიური სამართლებრივი მოვლენები სხვა ბაზრებზეც, მათ შორის კურასაოში სადავო სავაჭრო ნიშნების გაუქმება და კენიაში Aviator-ის ლოგოს რეგისტრაცია.

ოქტომბერში კომპანია დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საქმის შემდგომ ეტაპსაც ელოდება.

მალტის სასამართლოს განჩინება დროებითია და დავის საბოლოო გადაწყვეტას არ წარმოადგენს. თუმცა სასამართლომ SPRIBE-ისთვის პოტენციური ზიანის თავიდან აცილების მიზნით საკითხის გადაუდებლობა და შესაბამისი დროებითი დაცვის საჭიროება დაინახა.

SPRIBE 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის მიერ შექმნილი Aviator საერთაშორისო ბაზარზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგულირებულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.