დღეიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა, რაც საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგია.
უფრო კონკრეტულად, აკრძალვა გულისხმობს: თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია/მიწოდებას. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაშია დაფასოებული. ამ ფორმით დაფასოებული თამბაქო აქციზური მარკით ნიშანდებული უნდა იყოს.
ცვლილება ასევე გულისხმობს, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსებას და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან, აქციზური მარკირების გარეშე ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც იკრძალება.
იმ შემთხვევაში, თუ თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) დაფასოების გარეშე მოხდება, ეს ფაქტი გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.
აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე დაწვრილებითი ინფორმაცია საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა.
