დიდუბის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
77 წლის მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი. დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
„77-78 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო დაზიანება. სხეულის 35% პროცენტის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. ამას სასუნთქი გზების დაზიანებაც ემატება. ასევე ბაროტრავმა აქვს, რაც სავარაუდოდ აფეთქების შედეგია. დამწვრობითი შოკი აქვს მიღებული. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა. ამ წუთისათვის სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ, მაგრამ მისი დიაგნოზიდან და ტრავმის მექანიზმიდან გამომდინარე ძალიან საშიში დიაგნოზი აღენიშნება. ბუნებრივია კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს”, – აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას.
შემთხვევა 28 ოქტომბრის ღამეს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართული დაზიანებულია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ხუთი დაზარალებული ოჯახი დროებით სასტუმროში განათავსა. ხოლო საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები დანარჩენი ოჯახებისთვის, რომელთა ბინები არ დაზიანებულა, ეზოს მხრიდან უსაფრთხო შესასვლელი გაკეთდა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აფეთქებით დაზიანებულ კორპუსის აღადგენაზე იმუშავებს, თუმცა, რა ვადებში მოხდება მისი აღდგენა ჯერჯერობით უცნობია.
