პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც იქნება. ხევსურეთში მდებარე მუცო 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეარჩიეს და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დაასახელეს.
პროექტი 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კონკურსზე 2018 წელს წარადგინა.
საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია პარიზში 28 ოქტომბერს გაიმართა. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა წარადგინა.
მუცოს რეაბილიტაციის პროექტი წელს დასრულდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური პროექტის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები. სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, რესტავრირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. […]
სამიტის ფარგლებში, 27 გამარჯვებულის დაჯილდოებასთან ერთად, გრან პრი-ს 7 გამარჯვებული და საზოგადოებრივი რჩეულის პროზის ლაურეატი გამოვლინდება. ღონისძიებას ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან.
