LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყანაში ჯობს დასვენება წელს – „პეგას ტურისტიკი“ ბიუჯეტური ფრენებისა და მოთხოვნადი მიმართულებების შესახებ

სად ჯობს დასვენება წელს – ტურისტული სეზონი და ტურისტული პაკეტები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. რა შეთავაზებები აქვთ კომპანიებს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და რა მიმართულებებზეა მოთხოვნა უფრო მეტად. „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში „პეგას ტურისტიკის“ გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ ისაუბრა.

 

სალომე, უკვე დაიწყო ტურების დაჯავშნა სხვადასხვა მიმართულებით. როგორია მომართვიანობა მომხმარებლების მხრიდან და რომელ ქვეყნებს ირჩევენ უფრო მეტად?

დიდი ხანია უკვე ჯავშნები ჩაშვებულია დ ახლა ვართ მაქსიმალურად აქტიურ ფაზაში. რაც შეეხება მომართვიანობას, ძალიან  მაღალია, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაფერი მიწურულს გვიყვარს და ბოლო წუთს გვახსენდება, რომ უნდა წავიდეთ და დავისვენოთ. სამწუხაროდ, იმედი მინდა გავუცრუო მსმენელს, რადგან, მე თუ მკითხავთ, უკვე დაგვიანებულია, რომ დავგეგმოთ ზაფხულის სეზონი. იქიდან გამომდინარე, რომ ფასი უკვე გაზრდილია საკმაოდ, ფასნამატი ძალიან  მაღალია და ხშირად გვესმის ჩვენი მომხმარებლისგან პრეტენზიები, რომ რა ძვირია და ხშირად რჩებიან ხოლმე ტურის დაგეგმვის გარეშე. რაც შეეხება მომართვიანობას, მაქსიმალურად პიკს მიაღწია, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ჩვენი კომპანიის ჭრილში, რომ ყოველთვის მიგვეწვდინა ხმა გასული წლის დეკემბრიდან, რომ ეზრუნათ 2023 წლის ზაფხულის დაგეგმვაზე, წინასწარ რომ ესარგებლათ ნაადრევი ჯავშნების უპირატესობებით და დაეზოგათ თანხა.

 

რომელია ყველაზე პოპულარული ბიუჯეტური მიმართულება?

საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია თურქეთის მიმართულება. ეს განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. პირველი ის, რომ ეს ქვეყანა მოწინავეა სტუმარმასპინძლობის სფეროში, აქვთ მომსახურების ძალიან  მაღალი ხარისხი და საკურორტო ზონებში ინფრასტუქტურა აქვთ მოწყობილი. ეს პირველი მიზეზია, მეორე კი ისაა, რომ ძალიან გამარტივებული აქვთ სავიზო პროცედურები მთელ მსოფლიოსთან. ჩვენს შემთხვევაში კი მეზობელი ქვეყანაა, არც ვიზა გვჭირდება, მარტივია იქ მოხვედრა, პასპორტიც კი არ გვჭირდება, პირადობის მოწმობით შეგვიძლია იქ მოხვედრა. შესაბამისად, თურქეთი რჩება მოწინავე ადგილზე. თურქეთს არ ჩამოუვარდება მეორე მიმართულება – ეგვიპტე. წელს პირველად ვცადეთ, ზაფხულის სეზონში გაგვეგრძელებინა ეგვიპტის მიმართულება. რატომღაც საქართველოში ეგვიპტე ყველასთვის აღიქმებოდა მხოლოდ ზამთრის სეზონთან, თუმცა ჩვენ გადმოვიღეთ ეს პრაქტიკა მსოფლიოს სხვა ოფისებიდან. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, საქართველო იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ზაფხულში არ ისვენებდა ეგვიპტეში, ეს სტერეოტიპი დავამსხვრიეთ და წარმატებით იჯავშნება ზაფხულის განმავლობაში ეგვიპტის მიმართულება, კონკრეტულად შარმ ელ შეიხი, წითელი ზღვის სანაპიროზე.

ვისაც მოგზაურობის დაგეგმვა სურთ, რას ურჩევთ, მიმართონ სააგენტოებს თუ დაგეგმონ ტური ინდივიდუალურად? 

არ მინდა, სუბიექტური იყოს ჩემი პასუხი, ამიტომ ვიტყვი, რომ პირველ რიგში გააჩნია, სად გვსურს მოგზაურობა. თუ ჩვენი პრიორიტეტია, წავიდეთ ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს „ოლ ინკლუზივ“ პაკეტები, სადაც შედის გადაფრენა, სასტუმროში განთავსება, დაზღვევები, ამ შემთხვევაში მე გირჩევდით მიმართოთ პროფესიონალ ტურისტულ სააგენტოს. საქართველოში 900-ზე მეტი სააგენტოა დარეგისტრირებული და ვერ ვიტყოდი, რომ ყველა მცოდნეა თავის საქმეში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან ის, რომ მივიდნენ ისეთ კომპანიაში, რომელსაც კარგი ცოდნა აქვს ამ მიმართულებით. ტურისტული სააგენტო, პირველ რიგში, დაგვეხმარება სასტუმროს არჩევაში. სასტუმროს არჩევის დროს, ის რაც ფოტოებზეა გამოსახული და რაც დაგვხვდება ადგილზე, ხშირად არ შეესაბამება ერთმანეთს და მომხმარებელი იმედგაცრუებულია, ამიტომ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად არიან ნამყოფები ადგილზე, აქვთ გამოცდილება, გავლილი აქვთ ტრენინგები და გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. თუმცა, არის ისეთი მიმართულებები, სადაც ვიცით, რომ მეზობელი, მეგობარი ან ნათესავი გვხვდება. ევროპის ქვეყნებში ბევრი ემიგრანტია, სადაც ჩვენი დამსვენებელი ჩადის, ამ შემთხვევაში ონლაინ საიტებზე შეუძლიათ ბილეთის დაჯავშნა, აქაც თუ არ გვაქვს გამოცდილება, დიდი სიფრთხილეა საჭირო, ხშირად ეშლებათ თარიღი, უნდათ რაღაცების შეცვლა და ამ შემთხვევაში, არ არის მობილური ონლაინ სისტემები. იქამდე მივდივართ, რომ ეს მომხმარებლის ცოდნასთან დაკავშირებული საკითხია. მე ჩემით ვჯავშნი ყველაფერს, ამ სფეროში ვარ თავიდან ბოლომდე ჩართული, ვიცი, რა როგორ გამოვიყენო. თუნდაც ჩემი ოჯახი ყოველთვის მიმართავს ხოლმე ტურისტულ სააგენტოს, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიუჯეტი, რომელიც ჩადო ამა თუ იმ ტურში.

 

ევროპის მიმართულებით რომელ პაკეტებზეა უფრო მეტად მოთხოვნა?

წელს არის აია ნაპას ბუმი, საბერძნეთის მიმართულებით, რაც განპირობებულია ფასით. ქუთაისიდან დაფრინავს ბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარი, რომელიც ძალიან მოხერხებულ და მრავალფეროვან ფრენათა განრიგს სთავაზობს მომხმარებელს საბერძნეთის მიმართულებით. ძალიან ლამაზი ზღვის სანაპიროა, ფასები დაბალია და შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გადის წლევანდელ სეზონზე.

 

თქვენი კომპანია რამდენი ხანია არსებობს და რა რაოდენობის ადამიანი გყავთ დასაქმებული?

ჩვენი კომპანია არ არის ქართული. ეს არის საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე 29 წელია ოპერირებს. საქართველოს წარმომადგენლობა გავიხსენით 2012 წელს ანუ ჩვენი მე-11 სეზონია წელს. 11 წლის განმავლობაში პირველივე დღიდან ვარ ამ კომპანიის გუნდის წევრი. წლის დასაწყისში ჩავუდექი კომპანიას სათავეში, როგორც მმართველი. ჯამურად, ალბათ 40 000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს, დიდი ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, სასტუმროებს, სატრანსპორტო კომპანიებს, დიდი ჰოლდინგია, ქსელი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ეს არის 100%-ით თურქული ინვესტიცია, თურქული კომპანია, რომელსაც ჰყავს თურქი დამფუძნებელი.

 

როგორ უნდა მოგმართონ ტურისტებმა, რომლებსაც უნდათ თქვენს კომპანიაში მოგზაურობის დაგეგმვა, როგორია პროცედურა? 

კარგი კითხვაა, რადგან ბევრს უჩნდება ხოლმე შეკითხვა, რატომ არ შეუძლიათ ჩვენგან პირდაპირ შეძენა. მე ვახსენე, რომ ჩვენ ვართ ტუროპერატორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი გაყიდვები ფიზიკურ პირებზე. ტურისტი, მომხმარებელი, არ აქვს მნიშვნელობა მეგობარი იქნება თუ ოჯახის წევრი, ისიც აუცილებლად ექვემდებარება საერთო წესებს ანუ ისინი აუცილებლად უნდა მივიდნენ ტურისტულ სააგენტოში ნებისმიერში, ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ და უკვე ტურისტული სააგენტოების საშუალებით ხდება ტურპაკეტების შეძენა. ჩვენ ვართ ე.წ. მომწოდებელი მსხვილი კომპანია, რომელიც ქმნის, გეგმავს ტურპაკეტებს და შემდეგ აწვდის პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებს.

 

რა რჩევას მისცემთ ადამიანს, რომელსაც ჯერ არსად უმოგზაურია? სად უნდა გაფრინდეს პირველად?

გულწრფელად მშურს მათი, ვისაც ჯერ არ უმოგზაურია, ისეთი ფანტასტიკური შეგრძნებაა. მახსოვს, ჩემი პირველი მოგზაურობა იყო ვენეციაში. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, წავსულიყავი ვენეციაში. არასდროს დამავიწყდება, რომ დავდგი ფეხი, ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა. ალბათ განსაკუთრებით უნდა გიყვარდეს და გინდოდეს რაღაც, მე კონკრეტულ რჩევას ვერ მივცემ სად უნდა წავიდეს, ეს უნდა იყოს დაკავშირებული მის შინაგან ემოციებთან, მიზნებთან, გეგმებთან, ოცნებებთან. ძალიან ინდივიდუალურია, ვიღაც ამერიკაში მოგზაურობაზე ოცნებობს, ვიღაცისთვის თურქეთი უფრო მიმზიდველია, ისეთი დაღლილია, მთავარია, სადმე წავიდეს და გაითიშოს, ამიტომ მე მიმართულებას ვერ მივცემ საით გაემგზავროს, მაგრამ ვურჩევ, რომ გონივრულად დაგეგმოს თავიდანვე, წინასწარ დაიწყოს ამაზე ფიქრი და მოძიება, რომ რაც შეიძლება მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური კომფორტი და ხარისხი მიიღოს.